კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

მარიამ ნიკურაძის ფოტო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო, რასაც საფუძვლად თავად პატრიარქის სურვილი დაედო - მან ახლობლებსა და მრევლს სწორედ ასეთი ანდერძი დაუტოვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დაკრძალვამდე ილია მეორის ცხედარი დასვენებული იქნება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, რომელიც მრევლის დიდი ნაკადის გამო 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ტაძარში მუდმივად იქნება შესაძლებელი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდების გადახდა.

ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, საღამოს გარდაიცვალა. სიკვდილამდე თითქმის ერთი დღით ადრე ის „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მასიური შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს, რამაც, ასაკობრივი ფაქტორების გათვალისწინებით, სასიცოცხლო ორგანოების მწვავე უკმარისობა გამოიწვია. მიუხედავად ექიმების მრავალსაათიანი მცდელობისა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვაა გამოცხადებული, რომელიც 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი, ისევე როგორც „საქართველოს რკინიგზა“, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის დაინიშნება სპეციალური უფასო რეისები.

აღსანიშნავია, რომ სიონის საკათედრო ტაძარი ისტორიულად საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელთა განსასვენებელია. იქ არიან დაკრძალულნი კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონ II (1855-1918), ლეონიდე (1861-1921), ამბროსი (1861-1927), ქრისტეფორე III (1873-1932), კალისტრატე (1866-1952), მელქისედეკ III (1872-1960), ეფრემ II (1896-1972) და დავით V (1903-1977).

ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, 1977 წლიდან უძღვებოდა. 2017 წელს მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დანიშნა, რომელიც წმინდა სინოდმა ახლა ოფიციალურად დაამტკიცა ეკლესიის მმართველად ახალი პატრიარქის არჩევამდე. სინოდის განჩინება, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააჟღერა, ეყრდნობა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფს. სხდომაზე, რომელიც თავად მეუფე შიომ გახსნა, მღვდელმთავრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და დაადასტურეს მოსაყდრის უფლებამოსილება გარდამავალ პერიოდში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.