კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პატრიარქის ცხედარი სიონში სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. გამოსვენებამდე სამებაში წესის აგების მსახურება მსოფლიო პატრიარქმა, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსმა ბართლომეოს I-მა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.

აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

ბართლომეოს I-მა ხაზი გაუსვა ილია მეორის როლს ეკლესიისა და ქვეყნის ისტორიაში. მისი თქმით, საქართველოს ეკლესიას მოაკლდა „ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე“, ხოლო სახელმწიფოს „მშვიდობისა და ერთობის დესპანი“. მან ასევე გაიხსენა პატრიარქის ღვაწლი ავტოკეფალიის აღიარებისა და ეკლესიის „საბჭოური ბნელი პერიოდიდან“ გამოყვანის საქმეში.

სამების ტაძარში ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებმა და წარმომადგენლებმა: ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ; ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა; ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა როსტისლავმა; ამერიკის მიტროპოლიტმა ტიხონმა; ბელარუსის ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა ბენიამინი (რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი).

სამებაში შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც. პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წარადგინა, როგორცპატრიარქის ეპოქალური პროექტის, სამების საკათედრო ტაძრის მთავარი ქტიტორი“.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), განმარტა, რომ სიონში დაკრძალვა თავად ილია მეორის სურვილი იყო: ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქედან დაიწყო მან პატრიარქობის მოწამებრივი გზა. აქ განისვენებენ მისი ინიციატივით წმინდანად შერაცხილი კათოლიკოს-პატრიარქებიც: კირიონი, ამბროსი, კალისტრატე...“

ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად კუჭიდან მასიური სისხლდენა და სასიცოცხლო ორგანოების უკმარისობა დასახელდა. ის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მეთაურობდა.

პატრიარქი სამების ტაძრიდან ათობით ათასმა ადამიანმა ტაშისა და შეძახილების - „გვიყვარხარ, პატრიარქო“ ფონზე გააცილა.

ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიას მიტროპოლიტი შიო უხელმძღვანელებს. არჩევნები პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, თუმცა არაუგვიანეს ორი თვის ვადაში უნდა გაიმართოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.