ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა („კგბ“) განაცხადა, რომ აგრძელებს საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით („ჯაშუშობა“) აღძრული საქმის ფარგლებში, „მტკიცებულებების“ შეგროვებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
დღეს, 2 თებერვალს, დე ფაქტო კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თამარ მეარაყიშვილი გადაბირებული იყო თბილისის ინტერესებიდან გამომდინარე დაზვერვისა და დივერსიული საქმიანობის საწარმოებლად.
„კგბ“ ირწმუნება, რომ „მეარაყიშვილი გადასცემდა ინფორმაციას პოლიტიკოსების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, რუსი სამხედრო პერსონალის, მათი ადგილმდებარეობისა და რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ“, ასევე, „საიდუმლო ინფორმაციის მფლობელ ჩინოვნიკებთან ფარულად იწერდა საუბრებს შემდგომში კომპრომატად გამოსაყენებლად“.
დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მეარაყიშვილი, „ქართული მხარის ინიციატივით“, ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა საინფორმაციო სააგენტოებისა და ორგანიზაციებისთვის, მათ შორის დასახელებულია რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“, გამოცემა „კავკაზსკი უზელი“, არასამთავრობო ორგანიზაცია „კამარია“, რომელსაც, „კგბ“-ს თანახმად „ადრე საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკაძე ხელმძღვანელობდა“.
„ქართული მხარის ინიციატივით, მეარაყიშვილი არაერთხელ დაესწრო საზღვარგარეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგებსა და სემინარებს, სადაც, ის, ვითომდა, წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთის მხარეს, ამახინჯებდა ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ, რითაც დისკრედიტაციას უწევდა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – აცხადებს დე ფაქტო ხელისუფლება.
„კგბ“-ს თანახმად, მეარაყიშვილის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი კოორდინირებული იყო უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიერ და წარმოადგენდა მხოლოდ ქართული მხარის ინტერესებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ თამარ მეარაყიშვილის „მრავალრიცხოვანი კონტაქტები გამოააშკარავეს“. ჩამონათვალში არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი მამუკა მდინარაძე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და გაუქმებული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი.
„მეარაყიშვილის დივერსიული საქმიანობის მეორე ეტაპი იყო მისი შეღწევა ხელისუფლებისა და ადმინისტრაციის ორგანოებში, საკანონმდებლო ორგანოში და ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში. მეარაყიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ოპოზიციურ პარტიებთან და მოძრაობებთან თანამშრომლობის დამყარებას, რომლებთან ერთადაც ის მუშაობდა რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის.
კომიტეტის მიერ დადგენილია მარაყიშვილის მჭიდრო კავშირები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რიგ წარმომადგენლებთან.
მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტისა და „სამართლიანობისთვის მებრძოლის“ საფარქვეშ, პირადად აქვეყნებს სოციალურ მედიაში ოპოზიციური ხასიათის პუბლიკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურის, რუსეთის ფედერაციასთან მისი მოკავშირული ურთიერთობების და ა.შ. დისკრედიტაციას“, – აცხადებს ცხინვალის რეჟიმი.
დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას „ბოლომდე მიიყვანს“ და პასუხისგებაში მისცემს „თანამზრახველებს როგორც რესპუბლიკის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.
თამარ მეარაყიშილი, რომელსაც 8 წელზე მეტი ჩამორთმეული ჰქონდა „პასპორტი“ და ოკუპირებული რეგიონის დატოვება არ შეეძლო, 2025 წლის 22 დეკემბერს ცხინვალში დააკავეს, 31 დეკემბერს კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაძევს. დაკავებამდე მეარაყიშვილი დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას ითხოვდა და საკუთარი უფლებების დარღვევის გამო, ცხინვალის ცენტრში შიმშილობის აქციას აანონსებდა. ის სწორედ გაგლოევს ადანაშაულებდა დევნაში.
30 იანვარს, თამარ მეარაყიშვილმა Facebook-ში დაწერა, რომ ცხინვალში მისი ბინა გატეხეს, ე.წ. ძალოვანებმა სოფელ ახალგორში მისი მშობლების სახლი გაჩხრიკეს, დედა კი „საავადმყოფოში გადაიყვანეს შესამოწმებლად, ორგანიზმში რამეს ხომ არ მალავსო“.
„არ მინდა დრამატიზება, მაგრამ „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას“ ვწერ თითქოს. რაც ჩვენი ოჯახის თავს ხდება, ამას არ აქვს გამართლება! ვითხოვთ შველას! ჩემი ოჯახი განსაცდელშია!“, – წერდა მეარაყიშვილი.
