ხაბეიშვილს 2 წელი და 6 თვე მიუსაჯეს - სასამართლომ მას „ქრთამის დაპირების“ ბრალდება მოუხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პარტიის წევრს, მურთაზ ზოდელავას 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას არცერთი ბრალდებული არ დასწრებია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ საქმის სამართლებრივი კვალიფიკაცია შეცვალა. კერძოდ, ხაბეიშვილს მოეხსნა საწყისი - „ქრთამის დაპირების“ ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნეს საბოტაჟში (სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის 1-ელი ნაწილი). ეს მუხლი საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის თუ სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს და ამ ნაწილში მას 2 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

ამასთან, მოსამართლემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში, რისთვისაც სასჯელის ზომად 2 წელი და 6 თვე დაადგინა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, უფრო ხანგრძლივმა ვადამ გადაფარა ნაკლები სასჯელი. ლევან ხაბეიშვილს საბოლოოდ 2 წლისა და 6 თვის გატარება მოუწევს საპატიმროში, თუმცა ამ ვადას გამოაკლდება წინასწარ პატიმრობაში უკვე გატარებული 8 თვე, რომელიც მას მოხდილად ჩაეთვლება.

დაცვის მხარე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს.

„კორუფციის ბრალდებაში ლევან ხაბეიშვილი გამართლდა... მივესალმებით რაციონალურთან დაახლოებულ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დააკავეს. გამოძიება ეხება წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას - პოლიტიკოსი ჯილდოს სახით 200 000 აშშ დოლარს ჰპირდებოდა იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც უარს იტყოდნენ ხალხის დარბევაზე და სისტემას ამხელდნენ. ხაბეიშვილი აღნიშნავდა, რომ ჯილდო მათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცემოდათ.

ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) სამ თანამშრომელს მიენიჭა, თუმცა სასამართლოში ჩვენება მხოლოდ ერთმა მათგანმა მისცა. 17 აპრილს გამართულ პროცესზე სპეცრაზმელმა შოთა პაპუაშვილმა განაცხადა: „ამ თანხის შეთავაზების ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, იყო გდდ-ის თანამშრომლებისა და პოლიციელების, ასე ვთქვათ, გადმობირება“.

თავად ლევან ხაბეიშვილი ბრალს არ აღიარებს და საქმეს აბსურდულს უწოდებს. განაჩენის გამოცხადებამდე, 20 მაისის სხდომაზე მან თქვა:

„პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა - ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო? არაფერი მაქვს ასაღიარებელი, საჯარო განცხადებები იყო ჩემი და არაფერია იმის იქით. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას, დაშავებას არ მედავებიან. განსხვავება რა არის ჩვენს შორის, იმან ასე აღიქვა, აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში“.

ხაბეიშვილის თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ პროცესი პოლიტიკულად მოტივირებული და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა. პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განაცხადა:

„ის, რომ საქმე ცხრა თვის განმავლობაში იხილებოდა და მხოლოდ და მხოლოდ ექვსი საათი გრძელდებოდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ხელოვნური, შეთითხნილი ბრალდება იყო და მიზანს პოლიტიკისგან და საზოგადოებისგან ლევან ხაბეიშვილის იზოლირება წარმოადგენდა. და კიდევ ერთი - ამ ბრალდებით „ქართულმა ოცნებამ“ განსაზღვრა სტანდარტი, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი და, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, რომლებიც უხვად იძლევიან დაპირებებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჰპირდებიან მოსახლეობას ათას რამეს, ისინიც მოხვდებიან ამ ბრალეულობის ქვეშ“.

მურთაზ ზოდელავა

რაც შეეხება საქმის მეორე ბრალდებულს, მურთაზ ზოდელავას (რომელსაც ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს 7-წლიანი პატიმრობა), მას ხაბეიშვილის დაკავებისას სუს-ის გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას ედავებოდნენ. პროკურატურის მტკიცებით, ზოდელავამ გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს ჩხრეკის განჩინება უკვე გაცემული ჰქონდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.