გენერალურმა პროკურატურამ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს გურამ როგავას, ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, ხუთი ყოფილი და მოქმედი სპეცრაზმელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ხუთი პირიდან ორი უკვე დაპატიმრებულია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, სამი კი დღეს დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 4 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 5 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 6 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე სასტიკი თავდასხმიდან ორი წელი გავიდა, ხოლო ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქტივისტ ზვიად მაისაშვილზე ძალადობიდან წელიწადნახევრი. პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ 5 მაისის საგამოძიებო რეპორტაჟი. ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა, ანონიმური წყაროს დახმარებით, შეძლო იმ სპეცრაზმელის იდენტიფიცირება, რომელმაც პირდაპირ ეთერში მყოფ როგავას თავში ჩაარტყა.
გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ, ბრიფინგზე დაკავებულთა ვინაობა არ დაასახელა, თუმცა დეტალურად ისაუბრა ბრალდების სამ ეპიზოდზე:
ზვიად მაისაშვილის ეპიზოდი (30 ნოემბერი, 2024 წელი): რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ორმა თანამშრომელმა მაისაშვილზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. ერთ-ერთი ბრალდებული ამჟამად დაცვის პოლიციაში მუშაობს.
ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდი (30 აპრილი, 2024 წელი): პოლიტიკოსზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი ორ პირს წარედგინა. ერთ-ერთი მათგანი დღეის მდგომარეობით სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განყოფილების უფროსია.
გურამ როგავას ეპიზოდი (29 ნოემბერი, 2024 წელი): გდდ-ს თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტზე, რომელიც თავდასხმის მომენტში პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.
ხუთივე პირს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით (სსკ-ის 333-ე მუხლი) წარედგინება. გურამ როგავას შემთხვევაში, ბრალდებულს დამატებით ედავებიან ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას (154-ე მუხლი). სასჯელი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს ხუთივე პირის პატიმრობას სთხოვს.
„სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ვაგრძელებთ გამოძიებას სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენის მიზნით“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
2024-2025 წლების აქციების დროს სამართალდამცავებისა და ნიღბიანი ჯგუფების მხრიდან დემონსტრანტებზე თავდასხმის და სასტიკი მოპყრობის ასობით შემთხვევაა დოკუმენტირებული.
სპეცრაზმელების დაკავებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მან უარყო კავშირი დაკავებებსა და მედიაში გასულ საგამოძიებო რეპორტაჟს შორის და განაცხადა, რომ პროკურატურამ გადაწყვეტილება მხოლოდ მყარი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ მიიღო.
„სპეცრაზმელების დაკავებას არანაირი კავშირი არ აქვს ჟურნალისტურ პროდუქტთან. პროკურატურის განცხადებაში ითქვა, რომ დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა.
პროკურატურა მუშაობდა ამ საკითხზე და არაერთხელ გვითქვამს კიდევაც, რომ იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების და საბოლოო ჯამში, როდესაც პროკურატურამ მყარად ჩათვალა, რომ აქვს მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და დღეს ვიხილეთ შესაბამისი ნაბიჯები, ასე რომ ხდება ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს, ის მძიმე კადრები, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, იმ დღეებში და იმ მომენტშივე პრემიერ-მინისტრის მაშინდელი გამოსვლების დროსაც, როდესაც ის მედიასაც მიმართავდა, იმ მომენტშივე იყო არა მხოლოდ დაგმობილი, არამედ მოწოდება იყო სამართალდამცავების მიმართ, რომ ყოფილიყვნენ ზედმიწევნით ფრთხილები და არ წამოჰგებოდნენ არანაირ პროვოკაციას, არ ყოფილიყო ძალის გადაჭარბება, რამაც, მათ შორის, მაშინაც დაასტაბილურა მდგომარეობა და არავინ არავისთვის ხელის დაფარებას რომ არ აპირებდა, ამაზე იყო კიდევაც საუბარი. რა მომენტშიც პროკურატურა იმ მასალების შეჯერებითა და მტკიცებულებებით ჩათვალა, რომ არის მყარი იმისთვის, რომ წავიდეს სასამართლოში კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
