ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვა 20 დღემდე პატიმრობით დაისჯება – „ოცნების“ კანონპროექტი

ქართული ოცნებისპარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს კანონს, რომლითაც პროტესტის გამოხატვის უფლება კიდევ უფრო იზღუდება. ცვლილებების მიხედვით, იკრძალება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა და სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ გაფრთხილება, თუ აქცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. გამკაცრებული კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციული პატიმრობა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობას, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.

ცვლილებებით გათვალისწინებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას აფერხებს.

სავალდებულო იქნება, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით გაფრთხილების შეტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში (მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ნაცვლად).

გაფრთხილება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში - „დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია“. ასეთ შემთხვევაში შსს-მ შეიძლება განსაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი.

შსს ვალდებული იქნება გონივრულ ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს გაფრთხილება, ასევე არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის შემთხვევაში შეთავაზებული ალტერნატიული დრო ან/და ადგილი ან სვლაგეზი, თუ სამინისტრომ ასეთი შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კანონპროექტის მიხედვით, სამინისტრო უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში ან სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას - ადგილზე განიხილოს ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

სავალდებულო მითითებით შეიძლება განისაზღვროს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, ასევე ალტერნატიული სვლაგეზი. სავალდებულო მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, თუმცა, ეს მითითების მოქმედებას არ აჩერებს.

აქციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში შსს უფლებამოსილი იქნება, მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. 

კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. ასევე დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

ამ წესების დარღვევით ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში, შსს აქციის მონაწილეებს გააფრთხილებს, რომ თუ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნა, მთლიანი აქცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და „შეიძლება გამოყენებული იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“.

ამასთან, აქციის მონაწილისათვის 15 წუთის მიცემა „არ გულისხმობს იმას, რომ თუ ეს მონაწილე ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა არ ჩაუდენია“.

კანონის დარღვევა, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. იმ შემთხვევაში, თუ სამართალმრღვევი ორსულ ქალი, 12 წლამდე ასაკის ბავშვის დედა, არასრულწლოვანი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია,  დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.