„ხარება“ უკანონო ბრძანებების გაცემას უარყოფს - „დაკავებული სპეცრაზმელები გაწირეს“

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ყოფილი დირექტორი, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, 2024 წლის აქციებზე ძალადობის ბრალდებით სპეცრაზმელების დაკავებას ეხმაურება. ხარაზიშვილი აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანამშრომლები დანაყოფის შიგნიდან „ჩაუშვეს“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩაშვებულია აბა რა არის. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს რა გამოლევს, ხელს რომ იშვერენ. თვითონ თბილად იყოს ვინმე და სხვა გაიწიროს, ალბათ, ეგეთი რამე გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები ეხლა რა შუაში არიან. იდენტიფიცირება მოხდა რომ? არც ვიცი. მასკიანი ადამიანი... კარგად ხედავდით იქ როგორ იყვნენ ადამიანები შენიღბული, ფორმა-აღჭურვილობა როგორი ჰქონდათ“, – განაცხადა ხარაზიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

ხარაზიშვილი კატეგორიულად უარყოფს ძალადობრივი ბრძანებების გაცემას და მზადყოფნას გამოთქვამს, დაკავებულების ნაცვლად პასუხისმგებლობა თავად აიღოს:

„18 წელი ვიყავი სპეცდანიშნულების რაზმის საბრძოლო დანაყოფის უფროსი. მსგავსი ბრძანება არცერთ მინისტრს, არცერთ ხელმძღვანელს ჩემთვის არ მოუცია – ან ვინმე მოკალი, ან ვინმეს სცემე. კარგად იცით, რამდენი მინისტრი გამოვიცვალე და რამდენი მთავრობაც. არც დღეს ყოფილა მსგავსი რამე. კიდევ გეუბნებით - იყო დანაშაული? იყო გადაცდომა? მზად ვარ პასუხი ვაგო მე პირადად ყველაფერზე.

არც მე არ გამიცია მსგავსი ბრძანებები, რომ წაქცეული ეცემა ვინმეს და მსგავსი რამეები, რაც იყო ცუდი, გაეკეთებინათ. არც ჩემთვის არავის არ დაუვალებია. სასიამოვნო მოსასმენი არაა, რომ მეკითხებიან – „იყო ეგეთი ბრძანება?“ არ იყო. არაფერი ბრძანება არ ყოფილა.

მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და ციხით ვერავინ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება და თუ ჩემ ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს კიდევ აღარ შეაწუხებენ. აი, ესაა ჩემი სათქმელი“.

მიუხედავად ხარაზიშვილის განცხადებებისა, 2024 წლის აქციების დარბევისას არაერთი მოქალაქე აცხადებდა, რომ მათ სწორედ „ხარებას“ მითითებით უსწორდებოდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თავადაც აღიარა ძალადობრივი მეთოდები:

„მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს“.

დაზარალებულები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ამტკიცებდნენ, რომ ხარაზიშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა სადამსჯელო ღონისძიებებს.

„მე რომ შემითრიეს და წიხლებს მირტყამდნენ, მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში ჩემზე გრძელდებოდა თავდასხმა და ეს იყო რამდენიმეეტაპიანი. მაშინ მე, როგორც პარლამენტის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, განცხადება გავაკეთე პარლამენტში და დავასახელე კონრეტული ადამიანი, რომელიც არათუ მონაწილეობდა ჩემს თავდასხმაში, არამედ ვიდეოს მიღებდა – ზვიად ხარაზიშვილი (ხარება). მე მოვყევი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ეს კაცი რას მოითხოვდა და რის სანაცვლოდ შეწყვეტდა ჩემს წამებას. უნდა მეთქვა, რომ ვარ ჩმორი. ამ ვიდეოს ატვირთავდნენ და იტყოდნენ, რომ აგერ თქვენი ჩმორი ხაბეიშვილი ნახეთ, როგორ ტირის და წუწუნებს. აჩვენონ ის ვიდეო საზოგადოებას. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ვიდეოს უგზავნიდნენ კობახიძეს – პრემიერ-მინისტრი იყო, მამუკა მდინარაძეს – ფრაქციის თავმჯდომარეს, გომელაურს – შს მინისტრი იყო“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

არსებობს უტყუარი ვიდეომტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ზვიად ხარაზიშვილი თვითონაც ძალადობდა დაკავებულებზე.

ამ ბრალდებების მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ იგი ღირსების ორდენით დააჯილდოვა, თუმცა 2025 წლის ივნისში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

7 მაისს გენერალურმა პროკურატურამ 2024 წლის აქციების დროს ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ხუთი სპეცრაზმელი მისცა პასუხისგებაში.

უწყების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ საგამოძიებო რეპორტაჟი, სადაც ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა ანონიმური წყაროს დახმარებით ჟურნალისტ გურამ როგავაზე მოძალადე პირის იდენტიფიცირება შეძლო. ამ დროისთვის სამი პირი დაკავებულია, ორი კი სხვა საქმეზე უკვე იხდის სასჯელს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.