რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელებმა დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე, ოკუპირებული ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რეპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მცხოვრები მილიონობით ადამიანის არჩევანის უკან დგას ჩვენი საერთო ბედი და ათასწლოვანი ისტორია. ამ სულიერ კავშირს ადამიანები თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს გადასცემდნენ. ყველა განსაცდელის მიუხედავად რუსეთისადმი სიყვარული წლები ატარეს და ამ გრძნობის განადგურებას ვერავინ შეძლებს. აი, რატომ მისცეს ხმა ჩვენს ერთიანობას, ჩვენს საერთო მომავალს უფროსმა თაობამაც და ახალგაზრდებმაც, რომლებიც უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბადნენ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა: „ჩვენ მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, ყველანაირი საბრძოლო მოქმედებები, ომი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღეს და დაუბრუნდნენ მოლაპაკების მაგიდას“.
პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, მაგრამ „ზაპოროჟიეს და ხერსონის სტატუსი განხილული არ იქნება“.
„ყველამ დაიმახსოვროს, რომ ლუგანსკსა და დონეცკში, ხერსონსა და ზაპაროჟიეში მცხოვრები ადამიანები ჩვენი მოქალაქეები ხდებიან, სამუდამოდ! კიევის დღევანდელმა ხელისუფლებამ ხალხის ნების ამ თავისუფალ გამოვლინებას პატივი უნდა სცეს. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს გზა მშვიდობისკენ.
ჩვენ ჩვენს მიწას დავიცავთ მთელი არსებული ძალითა და საშუალებებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ხალხის უსაფრთხო ცხოვრება უზრუნველვყოთ“, - თქვა პუტინმა.
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები რუსეთის შემადგენლობაში შედიან ოლქების 2014 წლისთვის არსებული საზღვრებით - ტერიტორიებით, რომელთაც ახლა უკრაინა აკონტროლებს. იგივე ეხება ზაპოროჟიეს ოლქსაც, რომლის მთავარი ქალაქი - ზაპოროჟიე არასდროს ყოფილა რუსეთის მიერ ოკუპირებული და ახლაც კიევის მიერ კონტროლდება.
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მიერთებას წინ უძღოდა ე.წ. რეფერენდუმები, რომლის ლეგიტიმურობას უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდა აქტიური შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ადგილებზე და არ შეიძლება ეწოდოს ხალხის ნების ჭეშმარიტი გამოხატულება.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით, 2014 წელს უკანონო რეფერენდუმები ჩატარდა ყირიმის ნახევარკუნძულზე და ქალაქ სევასტოპოლშიც, რის შემდეგაც რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია მოახდინა.