პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართავს, უარი თქვან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ხოშტარიამ მას შემდეგ განაცხადა, როც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შედეგად ხაზარაძე და ჯაფარიძე ციხეს დატოვებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
„ბუნებრივია, ადამიანის თავისუფლება არის სასიხარულო და ვულოცავ მათ ამას, ადამიანურად. ვუსურვებ ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისის პატიმარს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც ციხეში რჩება. ამასთანავე, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, მნიშვნელოვანია, როგორ უპასუხებს მას ნამდვილი ოპოზიცია.
„მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს, მიიღეთ არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება. ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება „ლელოსთვის“, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას“, - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ივნისის ბოლოს, სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. გარდა ამისა, მათ 2 წლის ვადით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება.
ხაზარაძე და ჯაფარიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და უარი თქვეს შეწყალების შეთავაზებაზე.
„წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო, ციხეში რჩებიან ოპოზიციის ლიდერები ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე. დაპატიმრებულები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც - გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
