ხუთი ევროპული ქვეყანა აცხადებს, რომ ნავალნი ციხეში ეკვადორული ბაყაყის შხამით მოწამლეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში სამხრეთ ამერიკული ბაყაყის შხამით, ეპიბატიდინით მოწამლეს. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ეს მომაკვდინებელი ნივთიერება ხუთი ქვეყნის რამდენიმე დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ აღმოაჩინა გარდაცვლილი პოლიტიკოსის ბიოლოგიური მასალების ნიმუშებში, რომელთა საზღვარგარეთ გატანა ოჯახმა მოახერხა. ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეპიბატიდინთან ბუნებრივი კონტაქტი რუსეთში შეუძლებელია.

„დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები დარწმუნებულები არიან, რომ ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს.

ეს არის ჩვენი მთავრობების დასკვნა ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზზე დაყრდნობით. ამ ანალიზებმა საბოლოოდ დაადასტურა ეპიბატიდინის არსებობა.

ეპიბატიდინი არის ტოქსინი, რომელიც გვხვდება სამხრეთ ამერიკაში შხამიან ისრის ბაყაყებში. ის ბუნებრივად არ გვხვდება რუსეთში.

რუსეთი აცხადებდა, რომ ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. თუმცა, ეპიბატიდინის ტოქსიკურობისა და აღწერილი სიმპტომების გათვალისწინებით, მისი სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, მოწამვლა იყო“, - ვკითხულობთ განცხადებში.

ნავალნი ციხეში გარდაიცვალა, რაც ხუთი ქვეყნის განცხადებით, იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ჰქონდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, მისთვის ეს შხამი მიეწოდებინა.

რუსეთს საერთაშორისო სამართლისა და ქიმიური იარაღის კონვენციის განმეორებით უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2020 წელს ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლა, ხოლო მანამდე, 2018 წელს, ეს იარაღი სოლსბერიში სკრიპალების წინააღმდეგ გამოიყენა, რამაც ბრიტანელი ქალის ტრაგიკული სიკვდილი გამოიწვია.

„ეს უახლესი დასკვნები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას ქიმიური იარაღის კონვენციის და, ამ შემთხვევაში, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის განმეორებითი დარღვევებისთვის. [...] ჩვენ და ჩვენი პარტნიორები გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ ბერკეტს, რათა გავაგრძელოთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი და ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპონენტი, ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს, 47 წლის ასაკში, ციხეში გარდაიცვალა. ის 19-წლიან სასჯელს იხდიდა კოლონია „პოლარულ მგელში“, რომელიც ხარპის დასახლებაში, პოლარული წრიდან ჩრდილოეთით 60 კილომეტრში მდებარეობს. პოლიტიკოსის ოჯახი მის სიკვდილში პუტინს ადანაშაულებს.

ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ ევროპულ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა სიმართლის გამოვლენისთვის.

„პირველივე დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ქმარი მოწამლეს, მაგრამ ახლა არსებობს მტკიცებულება: პუტინმა ალექსეი ქიმიური იარაღით მოკლა“, - განაცხადა მან. ნავალნაია ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში ამბობდა, რომ ორი ლაბორატორიის დასკვნით, მისი ქმარი ციხეში მოწამლეს.

რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

„როდესაც კვლევის შედეგები იქნება, როდესაც ნივთიერებების ფორმულები იქნება, კომენტარიც იქნება. ამის გარეშე, ყველა საუბარი და განცხადება მხოლოდ ინფორმაციის შემოგდებაა, რაც დასავლეთის მწვავე პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად ხდება“, - განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

ეპიბატიდინი ნეიროტოქსინია, რომელიც 1974 წელს სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყის კანში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ის სინთეზირებული იქნა. ნივთიერებას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს - 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მორფინი, თუმცა ტოქსიკურია მცირე დოზებითაც კი. თაგვებზე ჩატარებული ცდების თანახმად, ის იწვევს მაღალ არტერიულ წნევას, სასუნთქი სისტემის დამბლას, კრუნჩხვებს, კომას და საბოლოოდ სიკვდილს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.