კისილიოვი: სომხეთი კატასტროფისკენ მიდის, საქართველომ კი ევროპულ გზაზე სიარული „გადაიფიქრა“

კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტმა ტელეწამყვანმა და სახელმწიფო მედიაორგანიზაცია Russia Today-ის („რუსეთი დღეს“) აღმასრულებელმა დირექტორმა, დმიტრი კისილიოვმა განაცხადა, რომ სომხეთი ევროკავშირში მიმავალი გზის არჩევით „პირდაპირ კატასტროფისკენ“ მიემართება, ხოლო საქართველომ ამ გზით სიარული „გადაიფიქრა“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ტელეარხ „როსია 1-ზე“ თავის საავტორო გადაცემაში კისილიოვი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გასული კვირის შეხვედრას გამოეხმაურა.

პროპაგანდისტმა სომხეთი „უმადურად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მოსკოვს ერევნის მიმართ კითხვები აქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა ევროკავშირში გაწევრიანების კურსი გამოაცხადა. კისილიოვმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი უკვე არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი.

„სომხეთი კარგად იკვებება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთო ბაზარზე, თუმცა სულ უფრო მეტად იყურება ევროპული ფუნთუშებისკენაც. რაღაც მომენტში, ამ ორის შეთავსება შეუძლებელი გახდება. ეს სომხეთის პრემიერ-მინისტრს ოთხშაბათს მოსკოვში ვიზიტის დროს სრულიად ნათლად აუხსნეს“, - განაცხადა კისილიოვმა.

მან მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით ისინი „უფრო ბედნიერები არ გამხდარან“: „ბიზნესები დაიხურა, სამუშაო არ არის, ახალგაზრდები სამუშაოს საშოვნელად გავიდნენ, ბრიუსელის სუბსიდიებით გააქვთ თავი და რატომღაც ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ“.

კისილიოვმა თავის გამოსვლაში საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ევროპულ გზაზე უარი თქვა პირობების სისასტიკის გამო: „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრა. პირობები უბრალოდ ძალიან სასტიკია: თქვენ ხსნით ბაზარს, მაგრამ ისინი არ გიხსნიან. უკრაინამ ეს სრულად გამოსცადა საკუთარ თავზე“.

გასულ კვირაში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ გააფრთხილა ნიკოლ ფაშინიანი, რომ ქვეყანა ვერ შეძლებს ერთდროულად იყოს ევროკავშირისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი. მან სომხეთს შეახსენა, რომ ქვეყანა რუსულ გაზს შეღავათიანი ტარიფებით იღებს.

ამის საპასუხოდ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის დღევანდელი დღის წესრიგი თავსებადია ევრაზიულ კავშირთან: „სანამ არსებობს ამ დღის წესრიგების შეთავსების შესაძლებლობა, ჩვენ ამას გავაკეთებთ“.

შეხვედრაზე პუტინი სომხეთში 7 ივნისს გასამართ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო, ფაქტობრივად მხარდაჭერა გამოუცხადა პრორუსულ ძალებს და იმედი გამოთქვა, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. ფაშინიანმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი დემოკრატიულ ქვეყნად რჩება, სადაც სოციალური ქსელები თავისუფალია და ციხეებში პოლიტპატიმრები არ იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ კრემლის პროპაგანდისტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხშირად აქებენ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნების გამო და მათ პოლიტიკას „პრაგმატულს“ უწოდებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.