კობახიძე: ბრიტანეთის საელჩო გეგმავდა ექსტრემიზმის დაფინანსებას, ჩვენგან ითქვა უარი

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის საელჩო „ექსტრემისტული ორგანიზაციების“ დაფინანსების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ახალი კანონის საფუძველზე, მას უარი უთხრეს გრანტების გაცემაზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ბრიტანეთის საელჩომ წარმოადგინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმავდა საქართველოში ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ რადიკალიზაციას ახალისებენ, აბსოლუტურად ღიად ჩვენს ქვეყანაში. ახალი კანონის საფუძველზე, ჩვენგან ითქვა უარი ამ ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებაზე. თავად ეს ფაქტი ძალიან დასანანი და სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ გეგმავდა ბრიტანეთის საელჩო კონკრეტული ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას“, - განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში.

ირაკლი კობახიძის თქმით, გრანტების შესახებ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები „რეალურად სერიოზულად ამოქმედდა“ და „ამან დაასტაბილურა კიდეც ჩვენი ქვეყანა“.

„მეტი სიმშვიდეა. იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით, უფრო მეტად დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ეს კანონები მუშაობს, თუმცა, ჯერ კიდევ სრული მასშტაბით არის ასამოქმედებელი სამივე კანონი - გრანტების კანონი, „ფარა“, გამჭვირვალობა“, - კობახიძის თქმით, მთავარი ზომა, რასაც ახალი კანონმდებლობა დარღვევების საპასუხოდ ითვალისწინებს, ჯარიმებია.

„ჯარიმები და ჯარიმები, თუმცა, ჩვენ დავაკოპირეთ ასევე ამერიკული კანონმდებლობა, რომელიც უფრო მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. [...] ეს კანონმდებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ ამოქმედდება და შედეგები უკვე ჩანს. მთავარი შედეგი არის ის, რომ დღეს ექსტრემისტები ვეღარ ახერხებენ რადიკალიზაციას იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც მანამდე ახერხებდნენ. დღეს პრაქტიკულად მკვდარია მთლიანად ექსტრემისტული ფლანგი. იკრიბება ყოველდღე 50-დან 100 კაცამდე და ეს არის და ეს, პირდაპირ საკუთარი თავის დისკრედიტებას ახდნენ ეს ადამიანები“, - განაცხადა კობახიძემ.

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ცდილობდა, „ქართული ოცნების“ მთავრობისგან მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა „რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს“. საელჩოს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, მათ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ იყო დასრულებული.

„სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“, - ნათქვამი იყო დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოგვიანებით, 18 ივნისს, „ქართული ოცნების“ ლიდერების ბრალდებების საპასუხოდ, საელჩომ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ [გრანტით გათვალისწინებულ] საქმიანობას“ და ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან „ამ საქმიანობის აღწერას,  როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.