„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წარსულში მომხდარი დანაშაულების გამოვლენა მნიშვნელოვანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
„რა თქმა უნდა, ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. [...] წარსულში რაც მოხდა დანაშაულები, ამის გამოვლენაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა იქონიოს პრევენციული ეფექტი. როდესაც ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, ბუნებრივია, ცდუნება იზრდება კორუფციასთან მიმართებით. ზოგადად, ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით ასეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ეფექტური ზომების მიღება იმისთვის, რომ პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ“, - თქვა კობახიძემ სამთავრობო ტელევიზიის, „იმედის“ ეთერში.
ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც 2021-2024 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას, სახელმწიფო უსაფრთხეოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დღეს, 11 სექტემბერს დააკავა. ყოფილ მინისტრს 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედვებიან.
საქმის მასალების მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, ბურჭულაძის ცოლისძმის ვასილ მხეიძის დახმარებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის (MRT) აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო. როგორც სუს-ის ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა MRT აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად.
„დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი“, - განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.
სუს-ის მტკიცებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, 2025 წლის იანვარში, მისმა ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით.
„ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს
ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
ამასთან, დამატებით, გამოყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება. ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გიორგი ხაინდრავა, ვლადიმერ ღუდუშაური და ვასილ მხეიძე სუს-მა ივლისის ბოლოს დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
