კობახიძე: ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა, ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერ ლი ციანს 4 ნოემბერს შანხაიში შეხვდა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელან, TRT World-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „განსაკუთრებით ღირებულია“ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კითხვას, ჩინეთთან და ირანთან გაღრმავებული კავშირები არის თუ არა პირდაპირი გამოწვევა დასავლეთის გავლენისთვის, კობახიძემ უპასუხა:

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა ქვეყანასთან. ეს ჩვენი ხედვაა და გვიხარია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩინეთთან, რაც გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში. ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომ, ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ღირებულია.

რაც შეეხება ირანს, ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაცია, მაგრამ ეს ჩვენი სამეზობლოა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობები ირანთან და ასეთია ამჟამინდელი სიტუაცია. იგივეა სხვა ქვეყნებთანაც, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყველა სხვა მეზობელ ქვეყანასთან, რომლებსაც იგივე პოზიცია აქვთ, ისინიც ცდილობენ, განავითარონ პარტნიორობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან.

კიდევ ერთხელ, ჩინეთი, რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩინეთზე უნდა ითქვას, რომ ის ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება“.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, არის თუ არა ჩინეთი უფრო სანდო პარტნიორი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. კობახიძემ თქვა, რომ საკითხს არ უყურებს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის დივერსიფიკაცია.

„ჩვენ ვამბობთ, პირადად მე რამდენჯერმე ვთქვი, რომ მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით. [...] ჩვენს ინტერესებშია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან განაცხადა, გარკვეულწილად შეშფოთებულები არიან იმით, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები არ არის მოხსნილი და „ზოგადად, ერთგვარი დუმილია საქართველოსთან დაკავშირებით“. „მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი შეთავაზება მაგიდაზეა“, – დასძინა კობახიძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.