ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურების შემსუბუქებას აანონსებს. პარალელურად, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს ქვეყნიდან გაძევების საფრთხის წინაშე აყენებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 4 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 5 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
- 6 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის არის სანქცირებული, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს პროცედურების გამარტივებაზე. მისი თქმით, ცვლილებები შეეხებათ მათაც, ვინც ქართული ენა არ იცის:
„გვქონდა საუბარი იუსტიციის მინისტრთან და ვგეგმავთ პროცედურების შემსუბუქებას. არიან ეთნიკური ქართველები, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, უნდათ მისი მიღება და მათ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან. მათთვისაც შეიძლება რომ შემსუბუქდეს ეს პროცედურები. ამაზე გვაქვს აქტიური კონსულტაციები და შესაძლებელია გადაწყვეტილებამდე მისვლა“, - თქვა კობახიძემ.
მანვე ახსენა ფერეიდნელი და თურქეთში მცხოვრები მილიონობით ქართველის საკითხი.
„რაც შეეხება ქართველებს, რომლებიც თავის დროზე იქნენ გადასახლებული ან სხვა კუთხით მოხვდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საუკუნეების წინ მათ შორის, აქ შეიძლება კონსულტაციების გავლა იმასთან დაკავშირებით, როგორი მიდგომით უნდა წავიდეთ. მეზობელ თურქეთში მილიონობით ეთნიკურად ქართველია, არიან ირანში ფერეიდნელი ქართველები, სხვა ქვეყნებში არიან თავის დროზე საქართველოდან გასული ადამიანები. ეს უფრო ფართო მსჯელობის საგანია, თუმცა ამ საკითხზეც შეიძლება მსჯელობის უფრო ფართოდ გაშლაც.
მიუხედავად ირაკლი კობახიძის ოპტიმისტური განცხადებებისა, 2026 წლის 20 თებერვალს ამოქმედებული მთავრობის N70 დადგენილება საპირისპირო რეალობას ქმნის. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, ნებისმიერი უცხოელი (მათ შორის ეთნიკური ქართველი), რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია მოიპოვოს სპეციალური შრომითი ნებართვა - კომპანიებში დასაქმება ან თვითდასაქმება ნებართვის გარეშე შეუძლებელი ხდება. ჯერ უნდა მოიპოვო მუშაობის უფლება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია მოითხოვო ბინადრობის ნებართვა.

ნიკოლოზ ყიყიშვილი, ეთნიკური ქართველი ისტორიული ჰერეთიდან (საინგილო), სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი რეგულაციები მათთვის გადარჩენის უკანასკნელ გზას - შრომის უფლებას კეტავს.
„საინგილოს ქართველები, რომლებიც წლების განმავლობაში ვცხოვრობთ მოქალაქეობის გარეშე, მოქალაქეობა რომელიც ოცნებად გვაქვს ქცეული და არ ვსარგებლობთ იმ სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიებით, რაც საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ჩვენთვის ისედაც შეზღუდულია სრულფასოვანი ინტეგრაცია: არ გვაქვს მოქალაქეობა, არ გვაქვს შესაბამისი ბენეფიტები, თუნდაც სამედიცინო კუთხით. როდესაც ადამიანს არც მოქალაქეობა აქვს და არც სოციალური დაცვა, ხოლო ერთადერთი გზა ღირსეული ცხოვრებისათვის შრომაა, სწორედ ამ შრომის უფლების შეზღუდვა მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
მიგრაციის დეპარტამენტმა საკმაოდ ბევრი აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველს დაატოვებინა ქვეყანა. ამას ემატება ისიც, რომ ბინადრობის ნებართვები ზოგ თანამემამულეზე აღარ გაიცემა და ეთქვათ უარი“, - წერს ყიყიშვილი.
სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს ფერეიდნელი ქართველების გამოცდილებაც. ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოდან იუსტიციის სამინისტრომ ფაქტობრივად შეაჩერა მათზე თანამემამულის სტატუსისა და ბინადრობის ნებართვების გაცემა. აქტივისტების ინფორმაციით, ათეულობით ადამიანმა მიიღო უარი მაშინ, როცა კანონით მათ ამ სტატუსის საფუძველზე მოქალაქეობის მოთხოვნის უფლება აქვთ.
ვიდრე ირაკლი კობახიძე „პროცედურების შემსუბუქებაზე“ საუბრობს, მოქმედი კანონმდებლობა ეთნიკური ნიშნით გამონაკლისს არ უშვებს, რაც ისტორიული კუთხეებიდან ჩამოსულ ქართველებს სამართლებრივ ჩიხში აქცევს.
