კობახიძე: გვესმის ბრალდებები ივანიშვილის პრორუსობაზე, იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძის თქმით, პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც. 2024 წლის დეკემბერში, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატება ივანიშვილი დაასანქცირა, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

როგორც ის ამბობს, „საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ“.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა „მტკიცებულებებით დაადასტურა“, რომ ბრალდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ „დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი“. კობახიძემ გაბარდს მადლობას უხდის „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის და ამბობს, რომ „საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის“.

ირაკლი კობახიძის თქმით, „დიპ სტეიტი“ პოლიტიკოსებისთვის პრორუსის იმიჯის შესაქმნელად „ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიპ სტეიტის“ თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება“, ხოლო საქართველოში „ამ კამპანიაში „დიპ სტეიტს“ ჩართული ყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები“.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს - ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში“, - აცხადებს კობახიძე.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, „დიპ სტეიტმა“ პრორუსის „იმიჯი შეუქმნა“ საფრანგეთში პარტია „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანსაც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.