„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც მედიაში პოლიტიკური დებატების დაბრუნების აუცილებლობის შესახებ წერს. ბიძინა ივანიშვილის პარტიის ლიდერები წლებია, კრიტიკული ტელეარხების პროგრამებში არ მონაწილეობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია“, - აცხადებს კობახიძე. მისი თქმით, დებატების კულტურა უმაღლეს დონეზე ევროპულ ქვეყნებში იყო განვითარებული, თუმცა, „2008 წლის შემდეგ სიტუაცია თანდათანობით უარესობისკენ შეიცვალა, რაც ევროპულ პოლიტიკაზე ე.წ. „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ზრდას პირდაპირ უკავშირდება“.
„ქარტული ოცნების“ ლიდერი წერს, რომ „არაფორმალურმა მმართველებმა“ ხალხს არჩევანის საშუალება წაართვეს და ევროპულ პოლიტიკას „ჯანსაღი დებატები მთლიანად გამოეცალა“.
„განსაკუთრებით 2020 წლიდან, წამყვან ევროპულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ერთი მეორის მიყოლებით დაიხურა ცნობილი, რეიტინგული და პოპულარული დებატები, შესაბამისად საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრა დისკუსიისა და განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა“, – წერს კობახიძე.
როგორც ის ამბობს, „არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო“.
„ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა. როდესაც მისი პატრონები მიხვდნენ, რომ კამათის დროს საზოგადოებას მარტივად შეეძლო ტყუილისგან სიმართლის გარჩევა, მათ მედიაში იქამდე ამ სფეროსთვის სრულიად უცხო სხეული, გვარამია შეიყვანეს და კონკრეტული დავალებაც მისცეს - მოეხდინა სრული რადიკალიზაცია.
გვარამიამ დავალება წარმატებით შეასრულა - მან მედიასტანდარტად დაამკვიდრა ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია, საბოლოოდ კი ისეთი ტოქსიკური მედიაგარემო შექმნა, რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც, საბოლოოდ, შეურაცხყოფით სრულდება. თავის მხრივ, ამ მოცემულობამ საზოგადოება გახლიჩა და წაართვა მას დემოკრატიის მთავარი პრინციპით სარგებლობის უფლება - მოისმინოს განსხვავებული პოზიციები და არჩევანი საკუთარი შეხედულების შესაბამისად გააკეთოს.
დღეს ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, სრულად მარგინალიზებულ, პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია, საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს.
და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც - ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს.
იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს ირაკლი კობახიძე.
