„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. კობახიძის თქმით, სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების გარდა, სხვა პროდუქტების რეალიზაციაც ხდება, სადაც საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 საქართველოში თოვლიანი ამინდი 3 იანვრამდე შენარჩუნდება
„თუ ავიღებთ ევროპულ ფასებს, ხშირ შემთხვევაში არის 35-40 პროცენტი სხვაობა ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ა.შ. ესეც საინტერესოა, რამდენად ეფუძნება ეს მაღალი ფასები მიწოდების ლოგიკურ ჯაჭვს“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერმა აღნიშნა, რომ 2022 წელს დაწესებულმა რეფერენტულმა ფასების შედეგად, „მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფებზე ფასები რეალურად შემცირდა“.
„გვინდა, ამაზეც ვიმსჯელოთ, რამდენად არის სივრცე ამ ჩამონათვალის გაფართოებისთვის. [...] საქმე ეხება ბიზნესს, ბიზნესი არის თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად“, – უთხრა კობახიძემ შეხვედრის მონაწილეებს.

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის პროგრამა უნდა გაფართოვდეს.
„უნდა გაფართოვდეს ნელ-ნელა და ყურადღებით იმიტომ, რომ გავიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც გვქონდა წინა პერიოდში, რომ თავიდან ავირიდოთ შესაძლო დეფიციტი. საუბარია, სხვადასხვა ტიპის მექანიზმების განვითარებაზე. ბოლო პერიოდში სახელმწიფო პირდაპირ ყიდულობს ძვირადღირებულ მედიკამენტს მძიმე ქრონიკული დაავადებისთვის, ესეც არის მექანიზმი ფასების დაწევის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
„ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ აღშნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მისი თქმით, შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო და წერილობით წარადგენენ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის.
„რაც უფრო ძვირად და მეტი ფასნამატით ყიდი, მით უფრო ნაკლებს ყიდი და უფრო ნაკლები გაქვს მოგება, ბოლოს კი კოტრდები. ანუ, ჩვენი, ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით, რაც შეიძლება იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მით უმეტეს, მედიკამენტები, რომ მოსახლეობამ შეძლოს მისი შეძენა“, – განაცხადა კურტანიძემ.
ავერსის დამფუძნებლის თქმით, ფასების შემცირებისთვის „სივრცე არის“.
„მაგალითაც, [ჯანდაცვის] წინა მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში წამლების რეგისტრაცია არის უმკაცრესი მსოფლიოში. ამიტომ ვინაიდან შედის ეს დადგენილება ძალაში, ბევრი წარმოების წამალი, რომელსაც აქვს შედარებით დაბალი ფასი, აღარ იქნება ქვეყანაში და მოსახლეობას მოუწევს, მის მაგივრად ძვირადღირებული ანალოგის ყიდვა. სწორედ ამაზე მივიღეთ აზრი მთავრობიდან, რომ მოხდება ამის განხილვა.
ამჟამად საქართველოში ბრუნვაში 10 ათასი მედიკამენტია. 7000 უკვე რეფერენტული ფასია. იმ 3000-საც თანდათან ამატებს სამინისტრო“, – განაცხადა „ავერსის“ დამფუძნებელმა.
„პსპ ჯგუფის“ წარმომადგენელმა, გიორგი რამიშვილმა მედიკამენტების გაიაფების ერთ-ერთ გზად ადგილობრივი წარმოების წილის გაზრდა დაასახელა.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში გაიმართა. „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია შეხვედრა საწვავის ფასებთან დაკავშირებით.
