„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს პარტია „ლელოს“ „არაკონსტიტუციური ქმედებები“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
„ეს იყო გამუდმებული საბოტაჟი, რასაც ისინი აწარმოებდნენ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის მიმართ. მათ ორჯერ თქვეს უარი პარლამენტის მანდატებით სარგებლობაზე, ხალხის მიერ მინიჭებული მანდატებით სარგებლობაზე და ისინი იყვნენ ჩართული ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის არაერთ მცდელობაში.
ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა შეაფასოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მე ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, – განაცხადა ჩინეთში მყოფმა კობახიძემ.
მისი თქმით, „ლელოს“ წევრებს, შეუძლიათ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი ინტერესები დაიცვან.
„ქართული ოცნება“ სამი მსხვილი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „ახალის“ აკრძალვას ცდილობს. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მათი „საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, რის გამოც ითხოვენ, მათი „საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია“.
„მე ვიტყოდი, რომ ეს არის, რეალურად, ეროვნული მნიშვნელობის საქმე. [...] ესენი არიან თავისი შინაარსით ანტიდემოკრატიული, არაკონსტიტუციური ძალები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას საკუთარი თავი და ამის მექანიზმს ადგენს საქართველოს კონსტიტუცია.
ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, კონსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც ბოლომდე გამოვიყენებთ, ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში და, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა. ამაზე არ წავიდოდით, რომ არ ყოფილიყო აუცილებელი დემოკრატიული სისტემისთვის, მაგრამ ეს არის აუცილებელი პირობა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილის პარტიის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს, რომელსაც ვასილ რიონიშვილი თავმჯდომარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როინიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. კოლეგიის შემადგენლობაში ასევე არიან - ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.
