„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მორიგი საკადრო ცვლილებებია. სამი თვის წინ სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშნული მამუკა მდინარაძე ახალ პოზიციაზე გადაჰყავთ. სექტემბრიდან მისთვის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას შექმნიან, მანამდე კი ის რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მდინარაძე ვიცე-პრემიერის სტატუსთან ერთად შეითავსებს.
კობახიძის თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულებით წარმატებული მუშაობის შედეგად, ამ სფეროში საგანგებო მინისტრის თანამდებობა აღარ არის საჭირო და ის სექტემბერში გაუქმდება.
რაც შეეხება ახალ მიმართულებას, კობახიძის განცხადებით, დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებაა, რაზეც პასუხისმგებელი სწორედ მამუკა მდინარაძე იქნება.
„რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის სექტემბერში გაუქმდება“, - განაცხადა კობახიძემ.
სამინისტროს გაუქმების შემდეგ, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას დაიკავებს.
ვინაიდან ახალი თანამდებობის შემოღებას კანონმდებლობაში ცვლილებები სჭირდება, სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას შეასრულებს, ხოლო სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის მინისტრის პოსტი ამ პერიოდში ვაკანტური იქნება. კობახიძემ პარლამენტს საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების თხოვნით მიმართა.
ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პატივი და გამოწვევაა.
„ძალიან გულწრფელად გეტყვით, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო. რეგიონები დღეს ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი“, - განაცხადა მდინარაძემ.
გუშინ თანამდებობა დატოვა „ქართული ოცნების“ მთავრობის კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ. როგორც მან სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.
