სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს 2008-2011 წლებში ხელმძღვანელობდა, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ბოდიშის მოხდის შესახებ განცხადება მიუწონა, თუმცა, განაცხადა, რომ ეს საკმარისი არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ივანიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც ასეთი თამამი განცხადება გააკეთა. ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას და ტენდენციას, რომელიც მიმართულია ყველა არსებული უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარებისკენ. საკითხავია, რამდენად გულწრფელია ეს ყველაფერი და არის თუ არა ეს წინასაარჩევნო პოლიტიკური ტრიუკები.
ივანიშვილის განცხადების არსში ახალი არაფერია. 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი ქვეშევრდომები საერთაშორისო კრიმინალები არიან. ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ. კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს: რატომ სურს „ქართული ოცნების“ ლიდერ ივანიშვილს ბოდიშის მოხდა მხოლოდ ოსებისთვის? აფხაზები? საქართველომ ნაკლები ტრაგედია და ტკივილი მოუტანა ჩვენს აფხაზ და-ძმებს?
რატომ ვსაუბრობთ მხოლოდ 2008 წლის მოვლენებზე? ჩვენ კარგად ვიცით და პატივს ვცემთ ჩვენს ისტორიას, არ დავვიწყებია 1920 წლის გენოციდი, ოსი ინტელიგენციისა და ოსეთის გამოჩენილი მოღვაწეების განადგურება, ჟორდანიას, გამსახურდიას და მათი მიმდევრების შოვინიზმი“, - განაცხადა კოკოითმა.
მისი თქმით, ყველაფრის სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაბრალების მცდელობა „წარუმატებელი და არაშორსმჭვრეტელურია“, რადგან „პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ საქართველოს“.
„ხალხისადმი, ოსეთის ყველა პოლიტიკური, პატრიოტული ძალისადმი ჩემი მოწოდებაა: არ ღირს ზედაპირული მიდგომის გამოჩენა და სამხრეთელ მეზობელთან თამაშში შეყოლა. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი, პრინციპული და მკაცრი პოზიცია. თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით განიმსჭვალა, მაშინ, პირველ რიგში,
საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას, რომელიც მშვიდობის და საომარი მოქმედებების არ განახლების გარანტიაა და ამავდროულად, დააყენოს საქართველოს მიერ ოკუპირებული თრუსოს, გუდოს და სხვა ოსური ხეობების დაბრუნების საკითხი.
სამხრეთ ოსეთისთვის 1920 წლიდან მიყენებული ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, 10 მილიარდი დოლარი, რომლის შესახებაც ადრე საქართველოს პრემიერები აცხადებენ, საკმარისი არ არის. მაგრამ ეს საერთოდ არ არის მთავარი. ვინ დაგვიბრუნებს ათიათასობით მოკლულ და-ძმას? ვინ მოაშუშებს მათი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ოჯახის წევრებისა და ახლობლების გულებში? ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და არაფრის გამო არ გაპატიებთ“, - აღნიშნავს კოკოითი.
თუმცა, ედუარდ კოკოითის თქმით, მსოფლიოში არსებული დაძაბული სიტუაციიდან და „შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის მცდელობებიდან გამომდინარე, წამოიწყონ ომის რუსეთის საზღვრების გარშემო“, „სამხრეთ ოსეთი“ მზადაა რუსეთთან ერთად იბრძოლოს მშვიდობისთვის, რათა თავიდან აიცილოს ომის ახალი კერა სამხრეთ კავკასიაში. კოკოითის განცხადებით, „საქართველოსთან მშვიდობა“ რუსეთის პირობებს უნდა ეფუძნებოდეს.
„ჩვენ მზად ვართ სამართლიანი დიალოგისთვის თანაბარ პირობებში, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით:
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოებია, რომელთა სტატუსი არანაირ განხილვასა და გადახედვას არ ექვემდებარება. ოსეთი და აფხაზეთი უნდა იქცნენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ ფორპოსტებად, რუსეთის საიმედო საყრდენად. სხვა გზები ჩვენი ხალხებისთვის მიუღებელია.
ამიტომ მივმართავ ჩემს აფხაზ ძმებს და დებს მოწოდებით, აღივსონ პასუხისმგებლობით მოძმე აფხაზეთისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ისტორიულ გამარჯვებას ჩვენი ხალხებისთვის და ერთად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი აღდგენილი სახელმწიფოების მომავალი. რუსეთის გარეშე, რუსეთთან საიმედო ალიანსის გარეშე, შესაძლოა ეს მომავალი არც გვქონდეს“, - განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს, გორში, ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.