„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ასაკრძალად, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს მალე შეიტანენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი გუბერნატორები დანიშნა
„150 ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, პირდაპირ საჩვენებელ მკვლელობებს აწყობდნენ შუა ქუჩაში, ციხეებში 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2010-2011 წლების სტატისტიკა, 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა და სტატისტიკა საშუალოდ 20-ს ჩამოსცდა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 100-ზე მეტ ადამიანის მარტო ციხეებში კლავდნენ ყოველწლიურად, ამ დონის რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ბიზნესის რეკეტი პირდაპირ შეეხო ათი ათასობით ადამიანს, დაახლოებით ათი ათასმა კაცმა სახელმწიფოს აჩუქა თავის ქონება. მედიასთან დაკავშირებით ჩემზე კარგად გახსოვთ ყველაფერი რა ვითარება იყო. ომი დაიწყეს, 400-ზე მეტი ადამიანი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეეწირა მათ მიერ დაწყებულ ომს. უამრავ ადამიანს მარტო სიცოცხლის დაკარგვის დონეზე შეეხო ეს რეჟიმი რომ არაფერი ვთქვათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ნერვებზე.
დღეს რეალურად ვიხსენებთ იმას, რაც ყველას გვახსოვდა, უბრალოდ ემოციურ დონეზე გვქონდა მივიწყებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში.
კიდევ ერთხელ იკრიბება ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს. ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის განზრახვა, რომ ამ პროცესის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობთ, რომ ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული იმისთვის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. თავისუფლად არის შესაძლებელი, ეს შედეგი გავრცელდეს კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან მოაზრებულ ოთხივე პარტიაზე - ეს არის „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, რა განსხვავებაა ახალსა და ნაცმოძრაობას შორის? ერთი პარტიაა ორად გაყოფილი. ასევე რაც შეეხება „ლელოს“, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ იყვნენ ჩართული უმძიმეს ქმედებებში. რაც შეეხება გახარიას, დღესაც ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია იმ პარტიასთან, რომელიც მაშინ სისხლიან რეჟიმს ხელმძღვანელობდა“, - თქვა კობახიძემ პირველი არხის ეთერში.
„ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვას „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ დაჰპირდა.
არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მოიპოვა, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ითხოვს.
„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში 5 თებერვალს შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს. ე.წ. საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო, 14 მაისს დააპატიმრეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, 22 მაისს კი პარტია „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
ამავე ბრალდებით გირაო აქვთ შეფარდებული ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერებს ნიკა გვარამიას (30 000 ლარი) და ნიკა მელიას (50 000 ლარი); კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000 - 50 000 ლარი); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გივი თარგამაძეს (10 000 ლარი); „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი). ხაზარაძემ, თარგამაძემ და ჯაფარიძემ გირაოს თანხა უკვე გადაიხადეს. ვაშაძეც აპირებს მის გადახდას უძრავი ქონების უზრუნველყოფით. გვარამიამ და მელიამ კი თქვეს, რომ გირაოს არ გადაიხდიან.
