კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ გააფრთხილა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების გამო

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური

კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“,  მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა და „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირის INFINITY CV GROUP CY LTD-ისგან 1 336 675 ლარი მიიღო. კომისიის თანახმად, ამავე პერიოდში „ფორმულას“ „ფორმულა მულტიმედიასგან“ 463 000 ლარი აქვს მიღებული.

„კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა, რომ „ფორმულას“ მიერ „ფორმულა მულტიმედიასგან“ მიღებული თანხა წარმოადგენდა სესხს. თავის მხრივ, „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ INFINITY CV GROUP CY LTD-ისგან მიღებული თანხაც წარმოადგენდა სესხს. ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა ისიც, რომ „ფორმულა მულტიმედიას“, გარდა უცხოეთში დარეგისტრირებული იურიდიული პირის – INFINITY CV GROUP CY LTD-ისგან მიღებული დაფინანსებისა, სხვა მნიშვნელოვანი შემოსავალი არ გააჩნია.

გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც 2025 წლის პირველ აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, ამასთან, აღნიშნული დაფინანსება ვერ ჯდება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის განთავსება), კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“ წერილობით გააფრთხილა და INFINITY CV GROUP CY LTD-ისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კომისიის განცხადებით, ამავე კანონის დარღვევისთვის რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ (სათემო რადიო „მარნეული“), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიმდინარე წლის აპრილში მხარი დაუჭირა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს. შედეგად მაუწყებლის მიერ „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისა) აიკრძალა. ამავე ცვლილებებით აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, პროგრამის მომზადების თუ ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება და თანადაფინანსებაც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.