საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებმა კომისიის თავმჯდომარედ, სამი წლის ვადით, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს. კანონმდებლობის თანახმად, კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი უწყებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გაათავისუფლეს
არჩევნები დღეს, 29 იანვარს, ფარული კენჭისყრით ჩატარდა და როგორც კომისიაში აცხადებენ, წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის წევრად გასული წლის დეკემბერში აირჩია. მან კახი ბექაური შეცვალა, რომელიც კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას 2017 წლიდან, 9 წლის განმავლობაში იკავებდა.
გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიამდე, 2 წლის განმავლობაში, ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდა, სადაც ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე ის სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიაში - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ კი, ამავე უწყებაში, შიდა აუდიტის დირექტორი იყო.
2016-2020 წლებში გოგა გულორდავა პარლამენტის წევრი იყო პარტია „ქართული ოცნებიდან“, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.
გოგა გულორდავა პროფესიით იურისტია. კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ის 1995-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. ასევე, კომისიის თანახმად, სხვადასხვა დროს გულორდავას გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში. გარდა ამისა, ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
