ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაუშვას, ქართულ დემოკრატიასა და მის ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმა უპასუხოდ დარჩეს. ეს განცხადება უილსონმა კონგრესში გააკეთა, სადაც საქართველოს თემაზე მოსმენა გაიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს მოსმენა ქართველი ერისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება. 1991 წელს თავისი დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ახლო, განუყოფელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც დემოკრატიული პრინციპებისა და ძლიერი ევროატლანტიკური სივრცის საერთო ხედვას ეფუძნებოდა.
ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ მუშაობდნენ, რათა საქართველოში გატარებულიყო ღრმა და შორს მიმავალი რეფორმები ინვესტიციების სტიმულირებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. მხარდამხარ ვმუშაობდით ერთობლივი მიზნისთვის, რაც რეგიონული და ევროპული მშვიდობაა.
ჩვენი ჯარისკაცები ერთად იბრძოდნენ ავღანეთში, ერაყში და არამხოლოდ. შეერთებულმა შტატებმა შემოიტანა 6 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი დახმარება და ბევრად მეტი, ქართველი ხალხისთვის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და თვალსაწიერის გასაფართოებლად.
სამწუხაროდ, ეს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც მილიარდერი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება.
„ქართულმა ოცნებამ“ ღიად უარყო ქართველი ხალხის დიდი ხნის განმავლობაში არსებული დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანი პუტინისტური „უცხოური აგენტების კანონის“ პარლამენტში გატანით, თვეების განმავლობაში მიმდინარე მასობრივი პროტესტების და საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად“, - განაცხადა კონგრესმენმა.
მისივე თქმით, კანონის ღია მიზანია ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და მედიისთვის ძირის გამოთხრა, მათი სტიგმატიზება, ალტერნატიული და განსხვავებული აზრების ჩახშობა.
„რაც უფრო უარესია, „უცხოეთის აგენტების კანონი“, როგორც ჩანს, მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ წვერია.
დამატებითი გადაწყვეტილებები და კანონპროექტები ანადგურებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჯერ კიდევ დარჩენილ დამოუკიდებელ ნაწილებს, ბოლომდე მიჰყავთ სასამართლოს ხელში ჩაგდება.
სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირებსა და აქტივისტებს, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს, გამუდმებით ემუქრებიან და აშინებენ, ფიზიკურადაც თავს ესხმიან მთავრობასთან დაკავშირებული კრიმინალები. ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმები იყო, ისინი ვანდალურად დაარბიეს.
„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს მსოფლიო კრიმინალ პუტინს და სხვა ავტორიტარებს, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს ოკუპირებული აქვს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%, არსებობს კოლონიური საბჭოთა დამორჩილებისა და აგრესიის უფრო გრძელი ისტორია. მმართველმა პარტიამ იპოვა საერთო მსოფლიო კრიმინალ პუტინთან, რომელიც დიდი სიამოვნებით აწერს ხელს „ქართული ოცნების“ კონსპირაციულ თავსატეხს, ანტიდასავლურ შემობრუნებას.
„ქართული ოცნება“ ასევე სწრაფად აფართოებს კავშირებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და საკვანძო ინფრასტრუქტურას გადასცემს სახალხო-განმათავისუფლებელ არმიასთან დაკავშირებულ კომპანიებს, რაც მისი დიქტატორული შემობრუნების კიდევ ერთი ასპექტია. შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაუშვას, ეს თავდასხმა ქართულ დემოკრატიასა და მის ევროატლანტიკურ მომავალზე უპასუხოდ დარჩეს“, - განაცხადა ჯო უილსონმა.
კონგრესმენი მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო შეზღუდვების შესახებ საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიას.
„თუმცა ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა შევასრულოთ. მოხარული ვარ, წარვადგინო „მეგობარი აქტი“ [MEGOBARI Act]. ეს კანონმდებლობა მისცემს სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების დასაწესებლად მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩართულია საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგო რეპრესიულ ზომებში“, - თქვა კონგრესმენმა.