კორუფციაში მხილებული ირაკლი ხმალაძე „ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე აღარაა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან ირაკლი ხმალაძე  გაათავისუფლა. ხმალაძე ამ პოსტს 6 თვის განმავლობაში იკავებდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ირაკლი ხმალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგივე თქვა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში თავად ხმალაძემ.

„გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ დავასრულე სახელმწიფო სამსახურში მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც ის ამბობს, საგამოძიებო უწყებებისგან კითხვებს და გამოძიების დაწყებას არ ელოდება.

„კითხვები ჩემთან მიმართებით არაფერი ყოფილა. მხოლოდ მედიასაშუალებებს ჰქონდათ ხოლმე, ისიც არალოგიკური და გაურკვეველი კითხვები. რა თქმა უნდა, არ ველოდები. დეკლარაციას ყოველ წელს ვავსებდი და ჩემს დეკლარაციას ამოწმებდა სპეციალური სამსახური, ყოველწლიურად. ყოფილა შემთხვევა, რომ დამიშვია შეცდომა, ამაზე ჯარიმაც გადამიხდია, მაგრამ იმის მიღმა ჩემს დეკლარაციასთან ან ჩემს ქონებასთან მიმართებით კითხვები არ ჰქონიათ. თუ არ ვცდები, ორჯერ მომიწია ჯარიმის გადახდა რადგან არასწორად მქონდა მითითებული რაღაც“, – თქვა ხმალაძემ.

იუსტიციის სამინისტროში დანიშვნამდე, 2017 წლის ბოლოდან 2025 წლის მაისამდე, ირაკლი ხმალაძე თბილისის მერის, კახა კალაძის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) იყო. 2013-2017 წლებში ის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2008-2012 წლებში ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.

„სტუდია მონიტორი“ ირაკლი ხმალაძეს კორუფციაში ამხელდა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ხმალაძე საჯარო სამსახურში ყოფნის დროს მილიონერი გახდა, თუმცა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უსახლკაროა.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ხმალაძეს ეკუთვნის 362 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და ეზო ბეთანიაში, რომელიც მან ყოფილი თანამშრომლის სახელზე გააფორმა.

ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2025 წლის მაისშია შევსებული, ირაკლი ხმალაძეს არ აქვს მითითებული თბილისში მის საკუთრებაში არსებული რაიმე საცხოვრებელი. დეკლარაციის მიხედვით, ის მხოლოდ ერთ ავტომობილს („ფორდ მუსტანგს“) და ორ მოტოციკლს („ჰარლი დევიდსონს“ და BMW-ს) ფლობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.