უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და მასთან დაკავშირებული შვიდი პირი მასშტაბური კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მათგან ორს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათზე ძებნა გამოცხადდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე დავით ფერაძემ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც რკინიგზის კუთვნილი დიდი ოდენობით შავი ლითონის მითვისება იყო.
სქემაში ჩართული იყვნენ რკინიგზის ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი და პირი, რომელიც ფაქტობრივად მართავდა რამდენიმე კომპანიას, მათ შორის შპს „კახეთს“, შპს „ნოვა ტრანსს“, შპს ,,ჯადექსას“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ და შპს „გრანდ კახეთს“.
2020 წელს გამოცხადებულ ტენდერებში შპს „კახეთმა“ გაიმარჯვა, რის შემდეგაც ჯგუფს შავი ლითონი ადგილზე აწონვისა და ზუსტი აღრიცხვის გარეშე გაჰქონდა, რათა დანაკლისის დადგენა შეუძლებელი გამხდარიყო. დასაწყობების ნაცვლად, მოპარული ლითონი პირდაპირ რუსთავში, შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ბარდებოდა.
სუს-ის მტკიცებით, 2020-2021 წლებში ჯგუფი მოტყუებით დაეუფლა 22 120 ტონა შავ ლითონს, რომელიც 17 391 121 ლარად გაიყიდა. მიღებული თანხები შპს „ნოვა ტრანსისა“ და შპს „ჯადექსას“ ანგარიშებზე ირიცხებოდა და ჯგუფის წევრებს შორის ნაწილდებოდა.
გარდა ამისა, გამოძიებამ კიდევ ერთი ეპიზოდი გამოავლინა, რომელიც ლიანდაგის დეფექტების აღდგენას უკავშირდება. 2022 წელს შპს „რაველდისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის დავალებით, მიღება-ჩაბარების აქტებში მონაცემები გააყალბეს. კერძოდ, რეალურად განხორციელებული 987-ის ნაცვლად, დოკუმენტებში 1200 ერთეული რელსის შედუღება დააფიქსირეს, რის შედეგადაც კომპანიამ შემსყიდველისგან ზედმეტად 403 844 ლარი მიიღო.
საქმეზე გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 - 2025 წლებში იკავებდა. მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა და „მტკვარი ჰესის“ დირექტორი იყო.
