კორუფციის ბრალდებით სუს-მა რეგიონებში 30 პირი დააკავა და პასუხისგებაში მისცა

ფოტოზე - მარნეულის მერიის თანამშრომელი რიმა ოთარაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, 12 სხვადასხვა საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 30 პირი. თაღლითობას ედავებიან მარნეულის მერიის თანამშრომელსა და „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერს, რიმა ოთარაშვილს, რომელმაც, სუს-ის მტკიცებით, კონკრეტული საკითხის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, მოქალაქისგან 60 000 აშშ დოლარი მოითხოვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დაკავებულია ახმეტის საკრებულოს წევრი და ერთი მოქალაქე სოფელ კასრისწყალში 2 ჰექტარი მიწის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ 3 000 ლარი ქრთამის აღების ბრალდებით.

დააკავეს განათლების სამინისტროს ქობულეთის პროფესიული კოლეჯის კურსის კოორდინატორი, რომელმაც მოქალაქეს ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა; ბრალდება მოიცავს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თაღლითობის მცდელობას.

თბილისში დაკავებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეს თბილისის ზღვაზე სახელმწიფო მიწის ნაკვეთის ქირით აღებასა და მფარველობას 5 000 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, 1 300 ლარი კი წინასწარ გამოართვა.

მარტვილში სოფელ ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის ორ სპეციალისტს ბრალად ედება ყალბი დათვალიერების ოქმის შედგენა, რითაც მოქალაქემ 13 500 ლარის ღირებულების სახელმწიფო მიწა მიითვისა.

პასუხისგებაში მისცეს წალენჯიხის სოფელ ლიაში მერის მოქმედი და სოფელ ჭალაში მერის ყოფილი წარმომადგენლები ყალბი ცნობების გაცემის გამო, რის საფუძველზეც მოქალაქეებმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6 300 ლარის ღირებულების 1 900 კვ.მ და 22 800 ლარის ღირებულების 6 620 კვ.მ მიწის ნაკვეთები თაღლითურად დაირეგისტრირეს.

ცაგერში სოფელ ოყურეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალად ედება ყალბი ცნობის გაცემა, რის შედეგადაც მოქალაქემ 165 930 ლარის ღირებულების სახელმწიფო მიწა მიითვისა.

გარდაბანში სოფელ ყარაჯალარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალი წარედგინა ყალბი ცნობის საფუძველზე მოქალაქისთვის 67 060 ლარის ღირებულების მიწების თაღლითურ რეგისტრაციაში დახმარებისთვის.

მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ბრალად ედება ყალბი დათვალიერების აქტის შედგენა, რითაც მოქალაქემ 92 636 ლარის ღირებულების სახელმწიფო მიწა უკანონოდ დაირეგისტრირა.

მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელს ბრალად ედება მოქალაქისგან 60 000 აშშ დოლარის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის დაყოფა-გამიჯვნის სანაცვლოდ. სუს-ის განცხადებით, მერიის თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან წინასწარ აიღეს 5 000 აშშ დოლარი.

ახმეტის მერიის სამი თანამშრომელი (მათ შორის ინსპექტირების ჯგუფის თავმჯდომარე), კომპანია „არტიფექსის“ დირექტორი და ექსპერტი ბრალდებულები არიან საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისას ყალბი დოკუმენტებით 22 242 ლარის მითვისებაში.

პასუხისგებაში მისცეს სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, საფეხბურთო კლუბის დირექტორი და მისი მოადგილე. სუს-ის ინფორმაციით, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ მეუღლის სახელზე დააფუძნა კომპანია, რომელსაც თავად მართავდა და სამსახურებრივ მფარველობას უწევდა. ამ კომპანიით მან გაიმარჯვა საფეხბურთო კლუბ „ეგრისის“ ტენდერში, რის შემდეგაც, კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებით სახელმწიფო თანხებს თაღლითურად დაეუფლა.

პასუხისგებაში მისცეს ხულოს მერიის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ორი წევრი, ექსპერტები და კომპანიის ხელმძღვანელები კურორტ ბეშუმში წყლის სისტემის რეაბილიტაციისას სამსახურებრივი გულგრილობისა და თანხების თაღლითურად დაუფლების გამო.

უმეტეს საქმეზე გამოძიება იმ მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამონაკლისია ქობულეთისა და ხულოს შემთხვევები, სადაც ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.