„არალეგიტიმური ხელისუფლება, ივანიშვილის რეჟიმი, ე.წ. კომისია, გარუსება, კლანის სასამართლო, რეჟიმის პატიმრები“, - საინფორმაციო გამოშვებებსა და სოციალურ ქსელებში ამ და მსგავსი ტერმინების გამოყენების გამო, „ქართული ოცნება“ ტვ „პირველს“ და „ფორმულას“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი გუბერნატორები დანიშნა
პარტიის განცხადებით, ჟურნალისტების ფრაზები არის პირადი შეფასებები/ბრალდებები, რომლებივც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის. „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“, - აღნიშნულია საჩივარში, რომელსაც ხელს პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილი პირი ნათია ბოკუჩავა აწერს. „ქართული ოცნება“ ითხოვს, ტვ „პირველს“ და „ფორმულას“ კანონის მოთხოვნების დარღვევა დაუდგინდეთ და შესაბამისი სანქცია დაეკისროთ.
სანქციის სახით კომისიამ მაუწყებლებს შეიძლება მისცეს გაფრთხილება, დაავალოს შინაარსის გასწორება ან მოსთხოვოს, აღარ გამოიყენონ მსგავსი ტერმინები, დააჯარიმოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს მაუწყებლობის ავტორიზაცია.
„ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ლეგიტიმაციის საკითხი აღელვებს. ამიტომაც, კომუნიკაციების კომისიას ისინი სთხოვენ სანქცირებას ყველა იმ ფრაზისა და სახელდებისთვის, რომელიც მიანიშნებს საქართველოს დეფაქტო ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე და ამ საკითხთან მიბმულ მნიშვნელოვან ტერმინებსაც ეხება.
„ქართულ ოცნებას“ სურს, ჩვენ გავჩუმდეთ. მათი სურვილია არ ვთქვათ, მაგალითად, რეჟიმის პატიმრები. მათ სურთ, აგვიკრძალონ, ვთქვათ, რომ ეს რეჟიმის სასამართლოა. ანუ გავჩუმდეთ და არ გითხრათ, ვის ემორჩილება სასამართლო. მათ სურთ, რომ შალვა პაპუაშვილს არ ვუწოდოთ არალეგიტიმური თავმჯდომარე;
მათ სურთ, რომ რომელიმე წულუკიანს ან სოზარ სუბარს არ ვუწოდოთ ოლიგარქის დეპუტატი“, - განაცხადა „ფორმულას“ წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა.
„ცხადია, ეს მხოლოდ დასაწყისია... ეს არის ცენზურა, რომელიც მიზნად ისახავს ისედაც ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მედიის საბოლოო განადგურებას. რეჟიმს სურს, ჩვენ დაგვიწესოს ცენზურა. ივანიშვილმა წამოიწყო მედიის დახურვის ფინალური სტადია“, - თქვა ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ.
„ქართული ოცნება“ მოითხოვს, რომ ჟურნალისტებმა არ გამოიყენონ ტერმინი - კლანის სასამართლო. რა შუაშია პარტია „ქართული ოცნება“ სასამართლოსთან. „ქართული ოცნება“ არის პარტია, სასამართლო არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ამ ერთ საჩივარშიც გაეპარათ ის, რომ ისინი არიან რეალურად ერთი ჯგრო, რომელსაც ამ ქვეყანაში მიტაცებული აქვს ხელისუფლება. ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს და მოვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ის ახალი ამბები, რომელთა მოყოლაც რეჟიმს ყველაზე მეტად უშლის ნერვებს“, - განაცხადა ტვ „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ.
„ეს არის ცენზურა, ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, ეს არის იმ პრინციპების გათელვა, რასაც თვითრეგულირება ჰქვია. მიზანია, რომ დააზიანოს ქართული საზოგადოება, რათა მან ვეღარასდროს შეძლოს ინფორმაციის მიღება“, - ასე აფასებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან, საჩივრით მიმართვის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიას შეუძლია დაასანქციროს მაუწყებელი იმ საკითხებისთვის, რაც აქამდე თვითრეგულირების სფეროში იყო მოქცეული. ეს საკითხებია - ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება; სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები; პროგრამული შეზღუდვები; საჩივრები და წინასაარჩევნო დებატები. კანონის ძველი რედაქციით, ამ საკითხებთან დაკავშირებულ დავებზე კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ისინი საჩივრის განხილვაზე უარს იტყოდნენ. ამავე საკანონმდებლო ცვლილებებით, მაუწყებლებს აეკრძალათ გრანტების და დონორი ორგანიზაციებიდან ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის მიღება.
კომუნიკაციების კომისიას ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელევიზიის, მეცხრე არხის ყოფილი დირექტორი კახა ბექაური.
