კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ „ოცნება“ პროტესტის ნიშნად PACE-ში მუშაობას წყვეტს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ იიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს დელეგაციის, კერძოდ კი „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების შეზღუდული უფლებამოსილება ცნო. დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

29 იანვარს სტრასბურგში მიღებული რეზოლუციის მიხედვით, საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება და, ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვს შემდეგს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებას მომდევნო თვეებში;
  • გადადგას დაუყოვნებელი და ქმედითი ნაბიჯები, რათა საქართველომ შეძლოს განაახლოს ევროინტეგრაციის პროცესი;
  • დაუყონებლივ დაასრულოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა,ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენება, როგორც მომიტინგეების, ჟურნალისტების და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან შურისძიების საშუალება, და სრულად პატივს სცემს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას;
  • გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებულ პროცესში;
  • დაუყოვნებლივ განიხილოს ასამბლეის 2022 და 2024 წლების რეზოლუციებში გამოთქმული შეშფოთება და რეკომენდაციები, მათ შორის ე.წ. აგენტების შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით;
  • გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე;
  • გააგრძელოს ასამბლეის მონიტორინგის პროცედურებში სრული მონაწილეობა და მუშაობა წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

საპარლამენტო ასამბლეამ, „პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების დაგმობის აშკარა ნიშნად“, ქართული დელეგაციის წევრებს რიგი უფლებები შეუზღუდა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასამბლეას ექნება შესაძლებლობა გადახედოს ქართული დელეგაციის უფლებამოსილების, მათ შორის, მისი უფლებების შეზღუდვის საკითხს, აპრილში, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით.

„დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და PACE-ში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, „საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად“, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის წევრები განაახლებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც „გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს“.

რამდენიმე კვირის წინ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილობით მიმართეს და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მანდატების არ აღიარებისკენ მოუწოდეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.