კულტურის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაცია დაუდგინდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის მიმართ, რის საფუძველზეც 2022 წლის 26 ოქტომბერს გამოსცა რეკომენდაცია განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. სამსახურიდან ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს, მათ შორის ეკატერინე კიკნაძე, დინარა ვაჩნაძე და ნინო ხუნდაძე. ოთხივე მათგანი თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოში დავობს.

2022 წლის 28 იანვარს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონკურსში გამარჯვებული პროექტების სია გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის 13 გამარჯვებულ პროექტს შორის იყო ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის ერთობლივი პროექტიც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ განმცხადებლების პროექტმა მიიღო რუსთაველის ფონდის დაფინანსება, იმ მიზნით, რომ ხელი შეშლოდა კრიტიკულად განწყობილი (ყოფილი) თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების განხორციელებას მუზეუმში, მინისტრმა შეიმუშავა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი. კერძოდ, დებულებით დირექტორატს მიენიჭა უფლებამოსილება, დაფინანსებული პროექტების შესახებ მიმართოს დამფინანსებელს და მოითხოვოს საგრანტო თანხა. დირექტორატს ასევე, მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს, დაუშვებს თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით.

„მიღებული ცვლილებების შესაბამისად, დირექტორატის უმრავლესობამ აღასრულა მინისტრის დისკრიმინაციული განზრახვა. კერძოდ, განმცხადებლებმა 2022 წლის 28 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის Facebook გვერდზე განთავსებული პოსტიდან შეიტყვეს, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ეროვნული მუზეუმის სახელით გაეგზავნა თანხმობა ფონდის კონკურსში გამარჯვებული 12 პროექტის განხორციელების თაობაზე და გაფორმდა ხელშეკრულებები. ის 1 პროექტი, რომლის განხორციელებაზეც უარი თქვა ეროვნულ მუზეუმში შექმნილმა მუზეუმთა ჯგუფის დირექტორატმა და ახალშექმნილმა სამეცნიერო საბჭომ, სწორედ განმცხადებლების პროექტი იყო. ამით ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა განმცხადებლების გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ განმცხადებლები არიან ხელმომწერები და ორგანიზატორები 2021 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მომზადებული პეტიციების, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, პეტიციების ხელმომწერთა დევნა კი, რეორგანიზაციის შედეგებშიც ნათლად გამოჩნდა“, - აცხადებს იურისტთა ასოციაცია.

სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ რეკომენდაციაში მითითებულია, რომ მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შემდგომში გამარჯვებული პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმა განპირობებული იყო მხოლოდ განმცხადებლების მიერ დაფიქსირებული პოზიციებით. შესაბამისად, ფაქტების, მტკიცებულებებისა და სამართლებრივი სტანდარტების შეჯერებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიმართ, მოპასუხეების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ პირად ცხოვრებასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას გამოხატვის თავისუფლებით დაცული აზრის გამო.

სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს და სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრებს შემდეგი რეკომენდაციით: გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნის ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევა“ დაფინანსების მიღების მოთხოვნით, მიმართოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს; მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდაორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).