ფორმა 100, რომლის საფუძველზეც დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს, ნაკლოვანია - ქურდოვანიძე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა 100), რომლის საფუძველზეც სასამართლომ აქტივისტ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე განჩინება მიიღო, ნაკლოვანია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ქუდოვანიძის თქმით, ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გააუქმოს.

„ფორმა 100-ის შევსებისას ექიმი ხელმძღვანელობს „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესით“, რომელიც მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული და წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. ამ წესის მიხედვით, ფორმის მე-9 გრაფაში იწერება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა, ძირითადი და თანმხლები დაავადებები შესაბამისი ფორმულირებებით და ასევე, სავალდებულოა, რომ მითითებული იყოს შესაბამისი დაავადების კოდი. მაგალითად, ფსიქიატრიის მიმართულებით დიაგნოზების კოდები F-ით იწყება.

თუ დააკვირდებით, ნინო დათაშვილის 2019 წლის ფორმა 100-ს, იქ, მე-9 გრაფაში, მითითებულია ხერხემალთან დაკავშირებული დიაგნოზი და მითითებულია შესაბამისი კოდი – M. 51.1., ხოლო შემდგომ, სადაც ფსიქოემოციური ლაბილობაა სიტყვიერად ჩაწერილი, მას არ ახლავს შესაბამისი დიაგნოზის კოდი, რადგან ეს არ არის დაავადება და შესაბამისად, ვერც კოდი ექნება ფსიქიატრიაში.

ამ ნაწილში ფორმა 100 ნაკლოვანია და ის არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. მისი აღნიშვნა ფორმა 100-ში ამ ფორმით საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, ხოლო თუ მაინც მოხდა, ეს პროკურატურას და სასამართლოს არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება ამ ცნობაზე დაეყრდნოთ.

მხოლოდ ეს გარემოებაც კი საკმარისი უნდა იყოს, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილოს ნინო დათაშვილის ადვოკატების საჩივარი და გააუქმოს სტაციონარში მოთავსებით ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პირველი ინსტანციის მოსამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება“, - წერს ნონა ქურდოვანიძე Facebook-ში.

2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტის, სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ეხებოდა.

ბრალდების მხარემ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა 2019 წლით დათარიღებული „ფორმა 100“-ის საფუძველზე, სადაც ნინო დათაშვილის დიაგნოზის თანმხლებ დაავადებად ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ანუ ემოციის და განწყობის სწრაფი მონაცვლეობაა მითითებული. როგორც ადვოკატმა თამარ გაბოძემ განაცხადა, ნინო დათაშვილმა შემოწმების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაატაროს, ხოლო თუ შემოწმებაზე უარს იტყვის, სასამართლოს განჩინება პროკურატურას აძლევს უფლებას, „იძულების პროპორციული ზომები“ გამოიყენოს.

განჩინება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. უფლებადამცველები ამ პროცესს ნინო დათაშვილის დისკრედიტაციის მცდელობად და დამატებით სადამსჯელო ზომად აფასებენ.

სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ინიციდენტის გამო დააკავეს. ის სინდისის 8 პატიმრის სასამართლოს სხდომის დარბაზის წინ იდგა, როდესაც მანდატურებმა მოსთხოვეს, აღნიშნული ადგილი დაეტოვებინა და ფიზიკურად სცადეს მისი გაყვანა. ნინო დათაშვილმა მათ უთხრა, რომ მისთვის ხელი არ ეხლოთ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქალს მკერდის არეში ორივე ხელი ჩაავლო და უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა მისი გაყვანა. ნინო დათაშვილმა სწორედ ამ მანდატურს სახეში სილა გაარტყა, რის შემდეგ მანდატურმა მისი თავი მკლავებში მოიქცია, ყელზე წაუჭირა და ასე ცდილობდა მის გარეთ გაძევებას. სასამართლოს შენობის კორიდორში ქალი დავარდა. ის წამოაყენეს. ნინო დათაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მანდატურებმა ისევ უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით, გარეთ გააძევეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.