ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და პარტია „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ბრალდების დეტალებზე საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ ისაუბრა: „აღნიშნული პირი მხარს უჭერდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მას უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ წევრთან და მასთან ერთად განიხილავდა „კანონიერ ქურდთან“ დაკავშირების გზებს. ასევე, მან განახორციელა კიდევ ერთი დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა იმაში, რომ კონკრეტულ პირებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინაიდან ქურდული სამყაროს წევრი მოიხსენიეს შეურაცხმყოფელად“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 29 პირი 8 ივლისს დააკავა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებში. მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, გარჩევებში ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ბესიკ ჯაფარიძე, რომელიც „საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა თანხების გადახდის შესახებ.
ლაშა ლეთოდიანს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერებია. მოსასმენი აპარატურა ლეთოდიანის ავტომობილში იყო დამონტაჟებული.
დაკავებულის ადვოკატი ნინო ლალიაშვილი ამ მასალების ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს: „თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ვერც კი იგებს, რასთან გვაქვს საქმე“.
სასამართლომ ლაშა ლეთოდიანსა და ამავე საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

41 წლის ლაშა ლეთოდიანი 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. მან საკუთარ საარჩევნო უბანში ხმების 100% მიიღო, ვინაიდან კონკურენტი არ ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ლეთოდიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი 2017-2021 წლებშიც იყო.
