კვარაცხელია იმდენს ვარჯიშობდა, შუქს ვუთიშავდით - მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საფეხბურთო კლუბ მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სემინი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლუბს „შესანიშნავი“ სავარჯიშო ბაზა აქვს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მანამდე კვარაცხელიამ მოსკოვური კლუბის საწვრთნელ ბაზას დამთრგუნველი ადგილი უწოდა და თქვა, რომ ღამე იქ შუქი არ იყო.

„ის იმდენად ბევრს ვარჯიშობდა, რომ შუქის გათიშვა გვიწევდა! საერთოდ, „ლოკომოტივს“ მშვენიერი პირობები აქვს. ამიტომაც მიაღწია ხვიჩამ დიდ შედეგებს“, - განაცხადა სემინმა რუსულ მედიასთან.

17 მაისს, The Players’ Tribune-ზე ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგი გამოქვეყნდა, სადაც ის რუსეთში თამაშის პერიოდზეც წერს. ფეხბურთელი 17 წლის იყო, როდესაც სათამაშოდ მოსკოვში წავიდა.

„პატარა ვიყავი და სულ მარტო. ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ, მამაჩემი განსაკუთრებით. გამიძნელდა, დიდი სტრესი იყო ოჯახის დატოვება. ვარჯიში როცა დავიწყე, ჩემს თავს ვუთხარი: აქ რისთვის ჩამოვედი? ჩემი ოჯახის გვარი მაისურზე მაწერია, ესე იგი ჩემი ოჯახი ჩემთანაა. მათთვის უნდა ვიმუშავო, მხოლოდ ჩემთვის არა. არ მაქვს უფლება გული ავუცრუო, აუცილებლად უნდა იამაყონ ჩემით. ასე რომ გავმაგრდი...

თამაში როდესაც დავიწყე მწვრთნელს ძალიან მოვეწონე. დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ სერიოზული ზრდა მქონდა იმ პერიოდში - ფიზიკური, გონებრივი და პირადი. ოღონდ მარტოსული ვიყავი. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, მეგობრები არ მყავდა. მგონი მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით. დანარჩენი მოთამაშეები სხვაგან ცხოვრობდნენ, მე სულ მარტო ვიყავი, მარტო დავდიოდი. ცოტა დამთრგუნველი ადგილი იყო. მართლა, არ ვხუმრობ! სადღაც უღრან ტყეში, გარეთ გასეირნებაც არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ქუჩის ძაღლები და არა მარტო ძაღლები იყო გარშემო. სულ ბაზაზე ვიყავი, არსად არ გავდიოდი, მოსკოვის ცენტრშიც კი არ წავსულვარ. არსად.

ღამე ბაზაზე შუქი არ იყო. ხანდახან ღამითაც ვვარჯიშობდი, დამატებით მინდოდა მუშაობა, თან უშუქოდ. ასეთ მომენტებში შეშინებული დაცვა მომვარდებოდა ხოლმე, სიბნელეში ვერ მცნობდნენ.

დაცვის ბიჭი, კარგი ადამიანი იყო. სულ მეუბნებოდა „მორჩი რა, დაამთავრე.“ მაგრამ სხვა საქმე არ მქონდა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ასე ღამ-ღამობით ვმუშაობდი, ყოველ ღამე“, - წერს კვარაცხელია.

მისი თქმით, რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო: „ომი დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, კაცთმკვლელობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მგონი მარტივია - მშვიდობა უნდა სუფევდეს. ასე რომ, როდესაც ომი დაიწყო ვიფიქრე „მე აქ ვერ გავჩერდები“, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე. გადავედი ბათუმის დინამოში, მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში“.

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2019 წელს თამშობდა. იმავე წელს ის ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, რომელთანაც ხუთწლიან კონტრაქტი გააფორმა. 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კვარაცხელიამ „რუბინთან“კონტრაქტი შეაჩერა და ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა. ივლისში ის ოფიციალურად გახდა „ნაპოლის“ ფეხბურთელი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).