ლილუაშვილმა სასამართლოში დავა მოუგო ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ქოლცენტრებთან კავშირში ამხელდნენ

„ქართული ოცნების“ გენერალური პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს თაღლითური ქოლცენტრების მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის - დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარის - აღებაში სდებს ბრალს. ამავდროულად, პროკურატურა აცხადებს, თითქოს, ოპოზიციური მედიასაშუალებები ქოლცენტრებიდან ფინანსდებოდნენ და სუს-ის უფროსის სავარაუდო დანაშაულს არ აშუქებდნენ. სინამდვილეში, ლილუაშვილმა 2022 წლის თებერვალში ტელეკომპანიებს – „მთავარისა“ და „ფორმულას“ სასამართლოშიც კი ჩივლა იმის გამო, რომ მათ სიუჟეტებში ქოლცენტრების მფარველად იყო დასახელებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ოპოზიციური ტელეკომპანიების გარდა, ლილუაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილსაც უჩიოდა. ხაბეიშვილი „მთავარი არხის“ სიუჟეტში ამბობდა, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ქოლცენტრების საქმეში მარტო არ იყო. „საქმის კურსშია ბიძინა ივანიშვილი“, - აცხადებდა პოლიტიკოსი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის უფროსის ცილისწამების სარჩელი მოკლე ვადაში, სულ რაღაც ორთვე-ნახევარში განიხილა და 2022 წლის 29 აპრილს დააკმაყოფილა. მოსამართლე ნანა შამათავამ „მთავარსა“ და „ფორმულას“ დაავალა ეთერის საშუალებით გაევრცელებინათ ინფორმაცია, სადაც უარყოფილი იქნებოდა გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ე.წ. ქოლცენტრების მფარველობა და „შავ ფულთან“ კავშირი. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმაც ძალაში დატოვეს.

„ფორმულას“ ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი მარი კაპანაძე იცავდა. როგორც ის ამბობს, ლილუაშვილის სარჩელი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოში უსაფუძვლო ცილისწამების საქმეებს (ე.წ. SLAPP-ებს) დაუდო საფუძველი.

„ლილუაშვილი დავობდა, ქოლცენტრების მფარველობას როგორ მაბრალებთ, ეგ ცილისწამებააო. მართლმსაჯულების სისტემამ მაშინ წარმოუდგენელი სისწრაფე გამოიჩინა და სამივე ინსტაციაში საქმის განხილვა წელიწადსა და რამდნეიმე თვეში დასრულდა, რა თქმა უნდა ლილუაშვილის გამარჯვებით. წესიერ ქვეყანაში, კეთილსინდისიერი სახელმწიფო ინსტიტუტები მაშინვე დაიწყებდნენ გამოძიებას მის მიმართ და არა პირიქით, ჟურნალისტების დევნას“, – აღნიშნავს მარი კაპანაძე.

გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სუს-ს 2019 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა, დღეს, 23 დეკემბერს დააკავეს გენერალურ პროკურატურაში, სადაც ის ადვოკატთან ერთად იყო მისული.

ამ ეტაპზე ლილუაშვილს ქრთამის აღების ოთხ ეპიზოდს ედავებიან - გამოძიება გრძელდება „სხვა დანაშაულების გამოვლენის“ მიზნით.

პროკურატურა მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2021-2023 წლებში ქვეყანაში არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების „უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ“. გრიგოლ ლილუაშვილს „ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის“ მფარველობაში ადანაშაულებენ – სუს-ის იმჟამინდელი უფროსი, საქმის მასალების მიხედვით, მფარველობას მისი ნათესავის, სანდრო (ანდრია) ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. ამ ეპიზოდში გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარის მიღებას ედავებიან.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიება „ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.