ლუქსემბურგს ევროკომისიასთან დიალოგის განახლებაში დახმარება ვთხოვეთ - სამხარაძე

„ქართული ოცნების“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ლუქსემბურგში ვიზიტისას ქართულმა მხარემ კოლეგებს ოფიციალურად სთხოვა დახმარება ევროკავშირთან შეჩერებული დიალოგის აღდგენისთვის. სამხარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა, ევროპელ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის რუსული კანონის საკითხზეც ისაუბროს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლებაზე. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად.

ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ, გამჭვირვალობის კანონს. ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას“, - განაცხადა სამხარაძემ.

შეხვედრის მასპინძლები იყვნენ ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გუსტი გრაასი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ჰანსენი.

„რუსული კანონი“ რომელიც დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვას ისახავს მიზნად, „ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირველად 2023 წელს დააინიცირა და პირველი მოსმენით მიიღო კიდეც, თუმცა მასობრივი პროტესტის შემდეგ უკან გაიწვია. მაშინ ივანიშვილის პარტიამ პირობა დადო, რომ ამ კანონს დღის წესრიგში აღარ დააბრუნებდა, თუმცა 2024 წლის აპრილში კანონპროექტი კვლავ წარადგინეს და სასწრაფოდ დაამტკიცეს.

კანონმა დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკა გამოიწვია და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების მთავარ მიზეზად იქცა.

ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე შექმნა.

2025 წლის 19 დეკემბრის დოკუმენტში ევროკომისია მიუთითებდა, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას უვიზო რეჟიმის დაკარგვა ემუქრება.

2026 წლის დეკემბერში დაგეგმილია ევროკომისიის მორიგი ანგარიშის გამოქვეყნება, ხოლო 2027 წლის იანვარში, რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის წყაროების ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე კენჭისყრისთვის ემზადებიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.