მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ - დავით რაზმაძე 2008 წლის ომზე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“ დავით რაზმაძე გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში, 2008 წლის აგვისტოში რუსების მიერ გორის დაბომბვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისინი იქ მშვიდობისმყოფელებად შევიდნენ და „მადლობა ღმერთს, ასე მოიქცნენ“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ისინი აქ მოვიდნენ როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. თუ დაიჯერებთ, მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“, - ამბობს გორის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე.

დავით რაზმაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით თქვა: „ეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო. მან შეგნებულად მოახდინა სიტუაციის პროვოცირება. ეს მხოლოდ ერთ-ერთია მის მიერ შექმნილი მრავალი პრობლემიდან“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მართლაც, გორის მერიის შენობაში 90-წუთიანი ინტერვიუს დროს, რაზმაძემ მოახერხა სააკაშვილის დადანაშაულება ყველაფერში, ეკლესიის მრევლის შემცირებიდან დაწყებული მუნიციპალური შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული.

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო განცხადებებიც გააკეთა:

„პირადად მე არ მინდა ევროკავშირის ნაწილი გავხდე და მათ გვითხრან, რა ვქნათ. ისევე, როგორც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მე მინდა ევროკავშირის დაშლა ვნახო, რადგან ის ჩვენს წინააღმდეგაა.“

ჟურნალისტი წერს, რომ გორის მერიაში ინტერვიუს დროს, რაზმაძის ფართო კაბინეტის ნაპირებში კიდევ ოთხი ან ხუთი კაცი იჯდა ჩუმად, ყველა მათგანი დაკუნთული იყო, შავებში ჩაცმული და როგორც სტატიაშია ნათქვამი, ქართველებისთვის დამახასიათებელი თავაზიანობის საწინააღმდეგოდ, არცერთმა არ წარადგინა თავი. სტატიის ავტორის თანახმად, შეხვედრის ბოლოს ერთ-ერთი მამაკაცი მივიდა და რაზმაძეს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ჟურნალისტი წერს, რომ რაზმაძემ კომენტარი ან არასწორად გაიგო, ან გადაწყვიტა, თავისი პარტიის ცვალებადი გზავნილებისთვის ახალი დაემატებინა და თქვა: „ჩვენ ყოველთვის ფრთხილობთ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, რადგან ვიცით, რომ ის სავსე კგბ-ს აგენტებით“.

ამავდროულად, რაზმაძემ უარყო, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული პარტიაა და თქვა, რომ ეს მხოლოდ მისი მტრების მიერ გავრცელებული ტყუილია.

The New York Times-მა ვრცელი სტატია სათაურით „როგორ გადავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის ფრონტის წინა ხაზზე“ 19 აგვისტოს გამოაქვეყნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.