მაკრონი ევროპაში საფრანგეთის ბირთვული დაცვის გაფართოებაზე დისკუსიის დაწყებას აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსული საფრთხე უკრაინის მიღმაც არსებობს და ის ევროპის ქვეყნებს ეხება. მან ამის შესახებ 5 მარტს, ფრანგი ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რუსეთმა უკრაინის კონფლიქტი უკვე გლობალურ კონფლიქტად აქცია. მან მოახდინა ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების და ირანული აღჭურვილობის მობილიზება ჩვენს კონტინენტზე, ამავდროულად ეხმარება ამ ქვეყნებს შემდგომ შეიარაღებაში. ის აწყობს ციფრულ თავდასხმებს ჩვენს საავადმყოფოებზე მათი მუშაობის დაბლოკვის მიზნით. რუსეთი სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიცრუით ცდილობს ჩვენი მოსაზრებებით მანიპულირებას. ის ამოწმებს ჩვენს საზღვრებს და ეს ხდება ჰაერში, ზღვაზე. ამ აგრესიას, როგორც ჩანს, საზღვარი არ აქვს.

ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს შეიარაღებას და ამ მიზნებისთვის ხარჯავს თავისი ბიუჯეტის 40%-ზე მეტს. 2030 წლისთვის ქვეყანა გეგმავს არმიის შემდგომ გაფართოებას - 300 000 ჯარისკაცით, 3000 ტანკით და 300 გამანადგურებელი თვითმფრინავით.

ამ კონტექსტში ვინ დაიჯერებს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის.

მე ღრმად ვწუხვარ ამის გამო და დარწმუნებული ვარ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა დაისადგურებს და რუსეთი კვლავ მშვიდობიანი და წყნარი გახდება, მაგრამ სიტუაცია, რომელსაც მე აღგიწერთ, ზუსტად ასეთია და ჩვენ მას უნდა გავუმკლავდეთ“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „სიგიჟე იქნებოდა ამ საშიშ მსოფლიოში მაყურებლად დარჩენა“.

„საუბარია დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებების მიღებაზე უკრაინისთვის, ფრანგების უსაფრთხოებისთვის, ევროპელების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების დახმარება მანამ, სანამ არ შეძლებენ რუსეთთან მოლაპარაკებას მყარ მშვიდობაზე საკუთარი თავისთვის და ყველა ჩვენგანისთვის.

ამიტომაც მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება მოიცავდეს უკრაინის მიტოვებას, პირიქით.

მშვიდობის მიღწევა არ შეიძლება ნებისმიერ ფასად და რუსეთის დიქტატის ქვეშ. მშვიდობა არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია. ის არ შეიძლება იყოს მისი კოლაფსი.

მას არ შეიძლება მოჰყვეს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ძალიან მყიფე იქნება. რატომ? რადგან აქაც გვაქვს წარსულის გამოცდილება. არ დავივიწყოთ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა 2014 წელს დაიწყო, რომ ჩვენ მაშინ მინსკში მოვილაპარაკეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომ იგივე რუსეთი არ სცემდა პატივს ამ ზავს და რომ ჩვენ ვერ შევძელით მისი შენარჩუნება მყარი გარანტიების არარსებობის გამო. დღეს აღარ შეიძლება სიტყვაზე რუსეთის ნდობა“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის გვერდით დარჩება.

„მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, თუ ეს ასე არ იქნება. უკრაინაში მშვიდობა სწრაფად მიიღწევა თუ არა, ევროპულმა სახელმწიფოებმა, რუსული საფრთხის გათვალისწინებით, უკეთ უნდა შეძლონ საკუთარი თავის დაცვა და ყოველგვარი ახალი აგრესიის შეკავება. დიახ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უკეთ უნდა შევიარაღდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი პოზიცია და ეს არის უნდა გაკეთდეს მშვიდობისთვის, შეკავებისთვის.

ჩვენ ვრჩებით ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ერთგული, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში

ევროპის მომავალი არ არის აუცილებელი ვაშინგტონში ან მოსკოვში გადაწყდეს“, - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი აპირებს, ევროპელ პარტნიორებთან განიხილოს საფრანგეთის ბირთვული ქოლგის კონტინენტის სხვა ქვეყნებზე გავრცელების საკითხი.

„ჩვენ გვიცავს ჩვენი ბირთვული შემაკავებელი საშუალება. ის არის სუვერენული და ფრანგული თავიდან ბოლომდე, 1964 წლიდან ყოველთვის ცალსახად თამაშობდა როლს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. მაგრამ გერმანიის მომავალი კანცლერის [ფრიდრიხ მერცი] ისტორიული მოწოდების საპასუხოდ, მე გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დისკუსია შეკავების გზით ჩვენი მოკავშირეების დაცვაზე ევროპის კონტინენტზე. რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და რჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების მეთაურის ხელში“, - თქვა ემანუელ მაკრონმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.