მაკრონი მიიჩნევს, რომ ზელენსკი-პუტინის შეხვედრა ჟენევაში უნდა გაიმართოს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შესძლოა შვეიცარიაში, ჟენევაში გაიმართოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ორშაბათს, 18 აგვისტოს, თეთრ სახლში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ორ პრეზიდენტს შორის ორმხრივი შეხვედრა გვქონდეს, შემდეგ სამმხრივი შეხვედრა და შემდეგ მრავალმხრივი შეხვედრა, სადაც ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ“, - მაკრონმა დაადასტურა, რომ თეთრ სახლში შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის ზელენსკისთან შესახვედრად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.

ემანუელ მაკრონის თქმით, ასეთი შეხვედრა შეიძლება ევროპაში შედგეს.

„ეს ჰიპოთეზაზე მეტია, ეს კოლექტიური ნებაა“, - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ შეხვედრა ჩატარდება არა საფრანგეთში, როგორც ეს 2019 წელს მოხდა, არამედ „ნეიტრალურ ქვეყანაში“.

„შესაძლოა შვეიცარიაში - მე ჟენევას ვემხრობი - ან სხვა ქვეყანაში. ბოლოს ორმხრივი დისკუსიები სტამბოლში გაიმართა“, - განაცხადა მაკრონმა ფრანგულ საინფორმაციო არხ LCI-სთან ინტერვიუში.

ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ „ვლადიმერ პუტინისთვის გამონაკლისი უნდა იქნეს დაშვებული“, თუ შეხვედრა გაიმართება ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აღიარებს და შესაბამისად, ვალდებულია დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, რადგან სასამართლოს მისი დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.

„სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია. ჩვენ თვითონ ვართ ამ ხელშეკრულებების ხელმომწერები, მაგრამ ის მოქმედი პრეზიდენტია, მას იმუნიტეტის აქვს. მშვიდობა წინ უნდა წავიდეს, ამიტომ ჩვენ მისთვის ადგილი უნდა ვიპოვოთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

რუსეთისთვის ტერიტორიების შესაძლო დათმობის საკითხთან დაკავშირებით, მაკრონმა თქვა, რომ ეს „უკრაინაზეა დამოკიდებული“:

„უკრაინა იმ დათმობებზე წავა, რომლებსაც სამართლიანად და კანონიერად მიიჩნევს. ეს მშვიდობა არ შეიძლება იყოს კაპიტულაცია. ეს ტრაგიკული იქნებოდა უკრაინისა და ევროპელებისთვის. ბირთვული იარაღის მქონე ძალა ჩვენს საზღვრებს მოუახლოვდება და წინ წავა. ეს ბოლო 70 წლის განმავლობაში აშენებული საერთაშორისო წესრიგის დაშლას ნიშნავს“.

ამავე ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ რუსეთი გახდა „მუდმივი დესტაბილიზაციის ძალა და პოტენციური საფრთხე ბევრი ჩვენგანისთვის“.

„ქვეყანა, რომელიც თავისი ბიუჯეტის 40%-ს იარაღზე ხარჯავს, რომელმაც 1.3 მილიონზე მეტი კაცისგან შემდგარი არმიის მობილიზაცია გააკეთა, ერთ ღამეში სახელმწიფოსა და ღია დემოკრატიული სისტემის სტატუსს ვერ დაუბრუნდება. ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. საკუთარი გადარჩენისთვისაც კი, მას ჭამა სჭირდება. ის მტაცებელია, კაციჭამიაა ჩვენს კარიბჭესთან.

ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები და ამას რუსი ხალხის მიმართ დიდი პატივისცემით ვამბობ. პრეზიდენტი პუტინი იშვიათად ასრულებს თავის დაპირებებს. მე არ ვამბობ, რომ საფრანგეთს ხვალ თავს დაესხებიან, მაგრამ ეს ევროპელებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - დასძინა მაკრონმა.

ვაშინგტონის სამიტზე განხილული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა იყო. „ჩვენ პირველად ოფიციალურად დავადასტურეთ, რომ ვიწყებთ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის პროცესს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დღეს შეხვდებიან უკრაინის სხვა მოკავშირეებს, რათა „მიაწოდონ ინფორმაცია ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ“.

„ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ამერიკელებთან კონკრეტულად მუშაობას იმის გასარკვევად, თუ ვინ რისთვის არის მზად“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.