საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაეროში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, ღაზაში ომის გაგრძელებას არაფერი ამართლებს.
„ჩვენ ისტორიული პასუხისმგებლობა გვაკისრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ორი სახელმწიფოს - ისრაელისა და პალესტინის - მშვიდობიანად და უსაფრთხოდ გვერდიგვერდ თანაცხოვრების შესაძლებლობა. […] ვაცხადებ, რომ საფრანგეთი დღეს აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, - თქვა ემანუელ მაკრონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მარცხია „ჰამასისთვის“ და ყველასთვის, ვინც ანტისემიტურ სიძულვილს აღვივებს და ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურს.
„ეს აღიარება გზას უხსნის მოლაპარაკებებს, რომლებიც სასარგებლო იქნება როგორც ისრაელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა. ისრაელის წარმომადგენლები მის გამოსვლას არ ესწრებოდნენ.
მაკრონის თქმით, დროა გათავისუფლდეს „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 48 მძევალი და დასრულდეს „ღაზაში ომი, დაბომბვა, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და მოსახლეობის გადასახლება“.
ემანულე მაკრონმა განაცხადა, რომ 48 მძევლის გათავისუფლებასთან ერთად, საჭიროა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
„მივესალმები კატარის, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების ძალისხმევას ამ მიზნის მისაღწევად და მოვუწოდებ ისრაელს, შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის მათ წარმატებას. „ჰამასმა“ სამხედრო მარცხი განიცადა მისი ლიდერებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების განიტრალებით. სრული მარცხი პოლიტიკურ მარცხს მოითხოვს“, - თქვა მაკრონმა და დასძინა, რომ მშვიდობის წინადადებით 142 სახელმწიფო გამოდის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც კი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შედგება, საჭირო იქნება „მასშტაბური კოლექტიური ძალისხმევის განხორციელება ღაზას მოსახლეობის დასახმარებლად“.
საფრანგეთთან ერთად პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარეს ბელგიამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, ანდორამ და სან-მარინომ. ემანუელ მაკრონმა მათ მადლობა გადაუხდა.
მანამდე, 21 სექტემბერს, იგივე გადაწყვეტილება გამოაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ, ხოლო 2024 წელს პალესტინა ესპანეთმა, ირლანდიამ, ნორვეგიამ და სლოვენიამ აღიარეს. ისრაელი ევროპული ქვეყნების ამ გადაწყვეტილებას გმობს.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიძაბა. რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, ისრაელზე მასობრივი თავდასხმა მოაწყო. „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე და თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესი ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს, რასაც დაახლოებით 1200 ადამიანი ემსხვერპლა. „ჰამასმა“ 250-ზე მეტი მძევალი აიყვანა. საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა.
