მამუკა მდინარაძე: სუს-ში მოსმენები გაზრდილია. რა ეგონათ, დავმალავდი?

უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი ხელმძღვანელი და „ქართული ოცნების“ მთავრობის მომავალი ვიცე-პრემიერი, მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ უწყებაში შემავალი ფარული ინფორმაციისა და ფარული მიყურადების, მოსმენების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღეს სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ. თუ რეალიზაციისთვის შედიოდა პირობითად 100 ინფორმაცია, ახლა შედის 3 000-ზე მეტი“, - განაცხადა მდინარაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხდება თუ არა ეს გაზრდილი მოსმენების ხარჯზე, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, მდინარაძემ უპასუხა:

„მათ შორის. რა ეგონათ, რომ დავმალავდი? დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე...

თუ ორჯერ და ორნახევარჯერ გაიზარდა განჩინებები, ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია. პირობითად, 100 ტელეფონს უსმენდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უსმენენ, პირობითად, 250-ს. სამაგიეროდ, ინფორმაციის ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ.“

მისივე თქმით, არსებობს უამრავი ლეგიტიმური საშუალება, რაც სუს-ში ინფორმაციის შედინებას უზრუნველყოფს და ეს დინამიკა მომავალში, გეკა გელაძის მმართველობის პერიოდშიც გაიზრდება.

21 აპრილს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დააანონსა, რომ ის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

თავად მდინარაძის განმარტებით, სუს-ში მისი ყოფნა თავიდანვე დროებითი იყო - თანამდებობა დროებით, პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გუნდის რეკომენდაციით დაიკავა: „ეს ცვლილება თითქმის რვა თვის წინ იყო გადაწყვეტილი... წინასწარვე გათვლილიც იყო ეს... საბოლოო ჯამში, დავუბრუნდით, „დავარევერსეთ“ ის წინა გეგმა.“

იგი გამოეხმაურა სკეპტიკოსების განცხადებებს, თითქოს „პენსიაზე გაუშვეს“ და აღნიშნა, რომ ახალ პოზიციაზე მისი მთავარი მიზანი კორუფციასთან, ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოორდინაცია იქნება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მომავალმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამართალდამცველების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელის დაცვის ინსტინქტი ყოველთვის მძაფრად ექნება, აშკარა დანაშაულის ჩადენისას რეაგირება უმკაცრესი უნდა იყოს.

მდინარაძემ გაიხსენა ძალადობის კონკრეტული კადრები, მათ შორის 2024 წლის საპროტესტო გამოსვლების სასტიკი დარბევებიდან:

„შეგვიძლია კადრები გავიხსენოთ. ბევრი გვიფიქრია ამ თემებზე, ბევრი გვილაპარაკია და რომ არ დაგიმალოთ, ბევრი გვინერვიულია კიდევაც, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი. როდესაც ჟურნალისტს, როგორიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს - რა მნიშვნელობა აქვს, ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მითქვამს, ზუსტად ასე მილაპარაკია, მაგრამ ახლა, ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ასეთი საკითხებით, უფრო მეტად დავინტერესდეთ, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე, როდესაც ჩემი კომპეტენცია მექნება და უფლებამოსილებაში შევალ, როგორც სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის“, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.