მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მდინარაძის თქმით, ამ პზიციიდან გადადგომა, ნამდვილად იყო მისი ინიცირებული, რაც ოჯახისთვის მეტი დროის დათმობის სურვილითა და 10-წლიანი პოლიტიკური დაღლილობით არის განპირობებული. მან აღნიშნა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მისი გაშვება თავიდან არ სურდათ, თუმცა ბოლოს დაარწმუნა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა და, პრინციპში, პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქმის კეთების წლები. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო...  მე ვფიქრობ, რომ ცოტა დასვენებასაც და საკუთარ ოჯახსა და თავზე ზრუნვასაც ვიმსახურებ. ჩემი შვილები ერთი 9 წლისაა და მეორე 13-ის და პრაქტიკულად უჩემოდ გაიზარდნენ და რაღაც ადამიანური მომენტებიც მინდა დავიტოვო.

თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავბრუნდები,

თუმცა მჯერა, რომ გუნდში უამრავი ლიდერია, რომელიც ამ მიმართულებას მიხედავს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას წინ უძღოდა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური განცხადებები. ღარიბაშვილმა ციხიდან გავრცელებულ წერილებში აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მას მდინარაძემ გაუგზავნა წერილი, სადაც კორუფციული საქმის ახალი ეპიზოდის აღიარებას სთხოვდნენ. ღარიბაშვილის მტკიცებით, მდინარაძის ხელმძღვანელობით დაწყებული ანტიკორუფციული კამპანიის მთავარი მიზანი მისი პოლიტიკური განადგურება იყო.

მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებებს უარყოფს და მას „აბსურდს“ უწოდებს:

„წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, საერთოდ არავისთვის გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით... ლოგიკას მივყვეთ - წერილი მისი მხარდამჭერის პოზიციიდან არის დაწერილი, მამუკა მდინარაძის რანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო? ზედაპირული ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ: მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც კორუფციასთან ბრძოლაში უკან არ დახეულა. თუკი ვინმე განაწყენებულია იმაზე, რომ სუს-ი ვიღაცას კორუფციაზე აკავებდა მაშინ, როცა მე სუს-ის უფროსი ვიყავი, შეიძლება ამასაც მივაწეროთ. ან შეიძლება ვიღაცას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მამუკა „დაბალ ღობედ“ მოეჩვენა“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში თავისი საქმე უკვე გააკეთა.

მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ გუნდს 2016 წელს შეურთდა და მას შემდეგ ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან რამდენიმე საკვანძო პოსტი შეიცვალა: 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსად, სადაც მოკლე დროში ლეიტენანტის წოდებიდან გენერალ-მაიორის წოდებამდე დაწინაურდა. 2026 წლის აპრილში გადავიდა „ქართული ოცნების“ მთავრობაში ვიცე-პრემიერისა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. 2026 წლის 29 ივლისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მდინარაძეს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ნიშნავდა. ამ თანამდებობის შექმნა სექტემბერში იგეგმებოდა, მანამდე კი რეგიონული განვითარების მინისტრად დანიშნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.