მარიამ ქვრივიშვილმა ბელგრადში „იგლ ჰილსის“ პროექტი დაათვალიერა

„ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის დედაქალაქში „იგლ ჰილსის“ (Eagle Hills) ურბანული პროექტი „ბელგრადის სანაპირო“ (Belgrad Waterfront) დაათვალიერა. ეს არაბული კომპანია საქართველოში ორი ახალი ქალაქის აშენებას გეგმავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ქვრივიშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, მარიამ ქვრივიშვილი გაეცნო როგორც უშუალოდ Belgrade Waterfront-ის პროექტს, ისე მისი განხორციელების ეტაპებს.

„გვქონდა შესაძლებლობა, სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მასპინძლობით ბელგრადში დაგვეთვალიერებინა იმ კომპანიის მასშტაბური, ურბანული პროექტი, რომელთანაც, სახელმწიფო ინტერესების დაცვით, უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. „იგლ ჰილსისგან“ მივიღებთ უპრეცედენტო, 6.6 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას. „იგლ ჰილსის“ სერბეთში მიმდინარე პროექტის საინვესტიციო მოცულობა ამ ეტაპისთვის 4 მილიარდი ევროა. 

ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელიც თანხვედრაშია ქართულ პროექტთან, მათ შორის, აღსანიშნავია განთავსების ობიექტები, ისევე როგორც საცხოვრებელი, სავაჭრო, გასართობი და სარეკრეაციო სივრცეები.

რა თქმა უნდა, გვაინტერესებდა, თუ რა ეფექტი და გავლენა ჰქონდა ამ ინვესტიციას სერბეთის ეკონომიკაზე. მოვისმინეთ არაერთი დადებითი შეფასება, მათ შორის, დასაქმების ზრდის კუთხით - დაახლოებით 25 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და დაახლოებით 9 მილიარდი ევროს ეფექტი ჰქონდა ამ ინვესტიციას სერბეთის ეკონომიკაზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ბელგრადის სანაპირო“ სერბეთის მთავრობისა და კომპანია Eagle Hills Properties-ის პარტნიორობით ხორციელდება. საქართველოს მსგავსად, ბიზნესის 68%-იან წილს არაბული კომპანია ფლობს, დანარჩენ 32%-ს სერბეთის მთავრობა.

„იგლ ჰილსს“ 3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი ყოველგვარი საჯარო ტენდერისა და საჯარო განხილვის გარეშე დაუმტკიცეს, რისთვისაც 1.8 მილიონ კვ.მ მიწა (180 ჰა) 99-წლიანი იჯარით გადასცეს. სერბეთის პარლამენტმა სპეციალური კანონი მიიღო, რომელმაც პროექტი ეროვნული მნიშვნელობის სტატუსით კანონზე მაღლა დააყენა და გვერდი აუარა ქალაქგეგმარებით და საკუთრების ნორმებს.

2016 წელს, სავამალას რაიონში ნიღბიანმა პირებმა ბულდოზერებით უკანონოდ დაანგრიეს პროექტისთვის ხელის შემშლელი კერძო შენობები. პროცესი პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე მიმდინარეობდა. ამას მოჰყვა ადგილობრივი მცხოვრებლების საპროტესტო გამოსვლები.

მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული. 9 წლის განმავლობაში პროექტს დაახლოებით 145 მლნ ევროს მოგება აქვს, საიდანაც სახელმწიფომ მხოლოდ 10 მილიონი მიიღო - ეს მაშინ, როდესაც სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი აცხადებდა, რომ სანაპირო ზოლის პროექტს მშპ-ზე 10 მილიარდი ევროს გავლენა ექნებოდა.

 

ამ თემაზე:

რა (არ) ვიცით არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტების შესახებ

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.