მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი, პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ პუნქტით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ძალადობას, რომელიც ჩადენილია ჯგუფურად.
ინფორმაცია ქენან ისმაილოვისა და მისი გარემოცვის მხრიდან მეწარმეზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ თავდაპირველად უფლებადამცველმა, სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. ბაირამოვა მომხდარს ბიზნესინტერესებსა და ე.წ. „ფასების კარტელს“ უკავშირებს:
„მერის ოჯახის წევრები უკვე ერთ კვირაზე მეტია, ქალაქში ქაოსს ქმნიან. მათ, საკუთარი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც აიძულებდნენ, იგივე გაეკეთებინათ. ერთ-ერთი პირადად დამიკავშირდა. ვინც არ დაემორჩილა, ერთ-ერთი მათგანი სასტიკად არის ნაცემი.“
ნაცემი ბიზნესმენი ჩვენების მისაცემად მარნეულის პოლიციაში თავად გამოცხადდა. აქტივისტის ინფორმაციით, განყოფილებასთან იმყოფებოდნენ მაღალჩინოსნებიც: მარნეულის მერი, მერის მოადგილე, პარლამენტის დეპუტატი.
სამირა ბაირამოვა მომხდარს საგანგაშოდ აფასებს და აცხადებს, რომ ქალაქში კანონის ნაცვლად „გავლენები და ძალადობა“ მუშაობს. ის უწყებებს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.
დაურ ისმაილოვმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მარნეულის მერის თანამდებობა 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიკავა. „საქართველოს ამბებმა“ მარნეულის მერთან დაკავშირება სცადა, თუმცა ამ ეტაპზე მასთან კონტაქტი ვერ მოხერხდა.
