საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ეკლესიის კუთვნილ სივრცეებში ჟურნალისტებისთვის რეგულაციები დაწესდება. მედიის წარმომადგენლებს დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის მიღება დასჭირდებათ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში იქნება შერჩევითობაც და გადაწყვეტილებას სპეციალური სამსახური მიიღებს. დღესვე საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ სხვა უწყებაში ან დიდ ღონისძიებაზე ჟურნალისტები დგებიან იქ, სადაც გამოყოფილია მათთვის შესაბამისი სივრცე (ადგილი). აღნიშნულ უფლებას განკარგავს ის უწყება, რომელიც ამ სივრცის მესაკუთრეა/მფლობელია. ამავე დროს, ყველა ტაძრის უმთავრესი დანიშნულებაა, პირველ რიგში, საღვთო მსახურების აღსრულების უზრუნველყოფა. შესაბამისად, ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს იმ აუცილებლობის მიხედვით, რაც შეუფერხებელ საღვთო მსახურებასა და მსახურებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნას გულისხმობს.
ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ჟურნალისტები ხშირად ცდილობენ სასულიერო პირებთან ინტერვიუს ჩაწერას უშუალოდ ღვთისმსახურების წინ. სასულიერო პირის უარი კი მათი გაღიზიანების საფუძველი ხდება. თავის მხრივ, სასულიერო პირისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, ტაძარში წირვაზე შევიდეს აუღელვებლად, ლოცვის განწყობით და არა საზეიმო მსახურებისათვის შეუფერებელი მღელვარებით, დაძალებული, ჩქარი ნაბიჯითა და ტაძრის კარებთან ან ეზოში ჟურნალისტების მიერ ძალდატანებული პრესკონფერენციის რიტუალის გავლით.
საპატრიარქო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, რის საფუძველზეც, წინასწარ აცნობს საზოგადოებას/მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციის თაობაზე.
თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველყოფისკენ. ამრიგად, გარდა იმისა, რომ აუცილებელია, ტაძრის შინაგანაწესის დაცვით ჟურნალისტებმა დაიკავონ მედიისთვის გამოყოფილი ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს დასწრების საკითხი“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აჩვენეს ვიდეომასალა, რომელიც სხვადასხვა დროს ჟურალისტების ქმედებებს ასახავს სასულიერო პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე სიუჟეტების მომზადებისას. ჯაღმაიძის თქმით, აღნიშნული ვიდეომასალა მეტყველებს ისეთ საქციელზე, რაც საპატრიარქოს მხრიდან რეგულაციების შემოღების საფუძველი გახდა.
საპატრიარქო ჟურნალისტებისთვის შეზღუდვების დაწესებას ადრეც ცდილობდა. 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, საპატრიარქომ ტაძრის წინამძღვრებს რეკომენდაცია მისცა, არასასურველი ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან კომუნიკაციის თავიდან ასარიდებლად, წერილობით მიემართათ ტელეარხის ხელმძღვანელობისთვის და ამის შესახებ ეცნობებინათ. გარდა ამისა, ეს მოთხოვნა ტაძრის ეზოს შესასვლელთან გამოეკრათ. საპატრიარქო განმარტავდა, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიცია ვალდებული იქნებოდა, ტაძრის სივრცეში ჟურნალისტთა გადაადგილება შეეზღუდა. საპატრიარქო სამ ტელეკომპანიას – „მთავარ არხს“, „პირველს“ და „ფორმულას“ ასახელებდა და აცხადებდა, რომ ისინი „ სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევიან“.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით ფინანსდება.
