„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრების მიმართ facebook-ში გამოთქმული მოსაზრებების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 5 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
„ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, ფეისბუკზე დაწერილი სტატუსის გამო, სადაც მას მონა ვუწოდე. მონა ხარ მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის“, - დაწერა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
სასამართლოში მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაიბარეს TV პირველის წამყვანები ვიკა ბუკია და ეკა მიშველაძე. ლაშხი მათაც იმის გამო უჩივის, რომ მონა უწოდეს.
პოლიციამ ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მამუკა მდინარაძის საჩივრის საფუძველზე.
„სასამართლოში მიბარებენ, რადგან მამუკას ვაწყენინე. მამუკა მდინარაძემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და შსს-მ და სასამართლომ იგრძნეს თავი საჭიროდ. მამუკა მიჩივის 25 თებერვლის პოსტის გამო, სადაც ნაბიჭვარს, ნაძირალას და არაადამიანს ვეძახი. ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა. ასე ვფიქრობ, (უარესადაც) და ვერავინ შემზღუდავს,“ - თქვა დეა მამისეიშვილმა.
ფეისბუკსტატუსებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების - ნანუკა ჟორჟოლიანის, ვიკა ბუკიას, ეკა მიშველაძის, დეა მამისეიშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თამარ ჩერგოლეიშვილის, ლევან ხაბეიშვილის, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილის, ანა სუბელიანის, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძის, ქეთი მოლაშვილის, მარიამ გეგუჩაძის, გიგა მაქარაშვილის, გიორგი ტუმასიანის პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით, 12 ივნისისთვის ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისგებაში მიცემულ პირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173, 16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა კოდექსში ეს მუხლი 2025 წლის 6 თებერვალს შეიტანა. მანამდე მსგავსი ქმედება სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, 30 მაისს, 12 დღით დააპატიმრეს სტუდენტები ლიკა ლორთქიფანიძე და თათია აფრიამაშვილი. შსს მათ დაპატიმრებას 45 დღით ითხოვდა. სასამართლომ ორი შვილის დედას, მაგდა მამუკაშვილს 4 000 ლარის გადახდა დააკისრა.
იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000 ლარით დააჯარიმა ანი ქავთარაძე. შსს მათ სასამართლოს დერეფანში, 17 აპრილს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
მანამდე, 23 მაისს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 3 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა სამოქალაქო აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა. პოლიციაში მათ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც აქტივისტები ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 10 დღით დააპატიმრა აქტივისტი ალბი კორძაია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ დეპუტატის, იუსტიციისა და კულტურის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდა. 11 აპრილს თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას თქვა - „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, რის შემდეგაც მის სახლთან აქტივისტები მივიდნენ და წულუკიანის განცხადება გააპროტესტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით უწოდა „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“, რითაც არა მხოლოდ თეა წულუკიანს შეექმნა დისკომფორტი, არამედ „სხვა მოქალაქეებიც შეწუხდნენ“.

სამოქალაქო აქტივისტ ლექსო სამხარაძეს პოლიციაში უჩივლა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა. 2 ივნისს, ლექსო სამხარაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საპროტესტო შეძახილებით მიმართავს დავით მათიკაშვილს, რომელიც კაფეში შედის: „ოლე, ოლა... გადაშენდი რუსეთში, ქოცუნია ესა“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის.
საია მიიჩნევს, რომ ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ „ქართული ოცნების“ ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს პოლიტიკოსებს, ან თუნდაც საჯარო ინსტიტუციებს ისეთ სუბიექტებად, რომელიც გაძლიერებული დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ შეურაცხყოფის ან დაცინვისაგან. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი“, - აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე, საიას თავმჯდომარე.
