„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირადად მას და მის მეგობრებს პრეტენზიები არ აქვთ თორნიკე რიჟვაძის მიმართ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, გამოძიების ვერსიის თანახმად, თვითმკვლელობა სცადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, რას აბრალებდნენ თორნიკე რიჟვაძეს, როცა ის „წერილში“ წერს, რომ მისი ყველა მეგობარი, თანამშრომელი და ოჯახის წევრი უდანაშაულოა.
„ჩვენ არაფერს არ ვაბრალებდით. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით.
რაც შეეხება ბრალდებებს, მაგალითი გითხარით, საჯარო მაგალითი, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს იქ მფარველობას კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი როგორ იყო. თქვენ ავრცელებდით ათას სამარცხვინო ტყუილს კონკრეტულად თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებითაც.
მე ჩემს თავზე შემიძლია გითხრათ, რომ მე პირადად და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. ამას გიმეორებთ. ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა ბოლომდე, მათ შორის, მას შემდეგეც რაც მანდ დატოვა თანამდებობა, რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ძალიან თბილი შეხვედრები ყოველ ჯერზე“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა უარყო, რომ თორნიკე რიჟვაძის „თვითმკვლელობის მცდელობაში“ ტელეკომპანიები დაადანაშაულა. კობახიძის თქმით, მან მედია დაასახელა „როგორც ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ქმნის სტრესს სამარცხვინო ტყუილებით“.
„მე ერთ-ერთ მაგალითად დავასახელე სამარცხვინო მედიასაშუალებები. ტელევიზიებზე თუ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ ორი სამარცხვინო სატელევიზიო მედიასაშუალება - „ტვ პირველი“ და „ფორმულა“, რომლებიც ათას ტყუილს კადრულობდნენ. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სტრესული, ვიღაცისთვის არ იყოს, მაგრამ ისინი... ჩემთვის არ არის, მაგრამ ვიღაცისთვის სტრესულია“, - თქვა კობახიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არის დაჭრილი და ამჟამად თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
გამოძიების ვერსიით, თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში დაიჭრა. პროკურატურის განცხადებით, მან მალულად აიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს „დაუდევრად ჰქონდა დატოვებული“ და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით, ისროლა გულმკერდის არეში.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი ახვლედიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ბრალდებით დააკავა. 8 მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მომხდარიდან მალევე სამთავრობო პროპაგანდისულმა მედიამ გაავრცელა წერილი, რომელიც, მათივე ინფორმაციით, მედპერსონალმა დაჭრილის ტანსაცმელში იპოვა და რომელშიც თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზად მის მიმართ კორუფციის და ბარიგების მფარველობის შესახებ ბრალდებებს ასახელებს.
„ბატონი ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები – ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს“, - ეწერა „იმედის“ მიერ გავრცელებულ წერილში.
ოჯახმა თორნიკე რიჟვაძე თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან სტამბოლში 9 ივლისს, გამთენიისას გადაიყვანა. მანამდე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოინახულა.
