მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ 2025 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „სრულიად დამსახურებულად“ შეიყვანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
დღეს, 4 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა კრიტიკულია და „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკა მიზნად ისახავს მის ჩახშობას.
„ორი დღის წინ მსოფლიო აღნიშნავდა მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დასრულების დღეს, თუმცა საქართველოში კვლავ ასეულობით შემთხვევაა, სადაც დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმები, უკანონო პატიმრობა, დაშინება და მუქარა გამოუძიებელი რჩება.
უფრო მეტიც – ყოველდღიურად ვხედავთ ჟურნალისტთა უფლებების უხეშ დარღვევებს. გუშინ ჩვენი კოლეგა და მეგობარი ნინია კაკაბაძე დააკავეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას – ეს არის მორიგი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი ხმის ჩახშობას. ჩვენ გვერდით იმყოფება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც სხვა ჟურნალისტებთან ერთად რეჟიმმა უკანონოდ დააპატიმრა და პატიმრობა მიუსაჯა.
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი დღემდე ციხეშია. მზიას უკანონო პატიმრობა საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთი ჯილდოთი და აღიარებით შეაფასა, როგორც კიდევ ერთი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე საქართველოში.
ბიძინა ივანიშვილი სრულიად დამსახურებულად შეიყვანეს „მედიის მტაცებლების სიაში“. ის მოხვდა ისეთი ავტორიტარი ლიდერების გვერდით, როგორებიც არიან პუტინი, ლუკაშენკო და მადურო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მძიმე და შეზღუდულია მედიის გარემო საქართველოში. არ უნდა დავივიწყოთ ის რეპრესიული კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დარტყმას. სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და „ქართული ოცნების“ სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება - მათ შორის კომუნიკაციების კომისია და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
უკანასკნელი ემსახურება მოძალადე რეჟიმს, ავრცელებს პროპაგანდას, დევნის პროფესიონალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და ახალისებს მედიის შიგნით შუღლსა და რეპრესიებს საკუთარი მოქმედი თუ ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ“, – განაცხადა მედიის ადვოკატირების კოალიციის ხელმძღვანელმა, მამუკა ანდღულაძემ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტს, ვინც „ამ მძიმე პირობებში აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და მაინც ახერხებს საზოგადოების ინფორმირებას“.
