მედიიდან შევიტყვეთ - კულტურის მინისტრი ალავერდში უკანონო მშენებლობაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ალავერდის საკათედრო ტაძართან ახლოს სასტუმროს უკანონო მშენებლობის შესახებ პირველად მედიიდან შეიტყვეს. მინისტრის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ დაეთანხმება პროექტს, თუ სასტუმროს შენობა კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე საეპისკოპოსო სახლის უმაღლეს კედელზე მაღალი იქნება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ პირველად მედიიდან შევიტყვეთ, რომ არსებობდა რაღაც პროექტი. იყო ინფორმაცია, რომ თითქოს ეს შენდება ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე და ა.შ. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ეპარქიის ხელმძღვანელთან და აღმოჩნდა, რომ არავითარი გალავნის შიგნით სასტუმრო არ შენდება. უფრო მეტიც, ეს სასტუმრო არ შენდება გალავანთან ახლოს. მისი მშენებლობა არის დაგეგმილი ძეგლის დაცვის არეალში. როდესაც ვამბობთ, ალავერდში შენდება, ვიღაც წარმოიდგენს, რომ ისეთი რაღაც ხდება, ყველამ უნდა ავისხათ აბჯარი და ერთად ჩავიდეთ ალავერდში.

რაც შეეხება ძეგლის დაცვის არეალს. ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ასევე იყო ცრუ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით და მინდა, ამას გავემიჯნო, თითქოს კანონი ამბობს, რომ ძეგლის დაცვის არეალში არაფერი არასდროს არ უნდა აშენდეს. ეს არის ტყუილი. ამას კანონი არ ამბობს. მაშინ არც სიონის გვერდით არ უნდა იყოს არაფერი, არც სამების ტაძრის და არც კიდევ სვეტიცხოვლის გარშემო არ უნდა ცხოვრობდეს არავინ რამდენიმე კილომეტრში. ამას არ გულისხმობს კანონი. კანონი გულისხმობს იმას, რომ ეს არის დაცვის არეალი, დასაშვებია სხვადასხვა პროექტის განხორციელება იმ მკაცრი დათქმით, რომ ამით ძეგლს არაფერი დაუშავდება.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა არქიტექტორებთან. ვინაიდან ეს არის კერძო ინვესტიცია, საუბარი იყო იმაზე, რომ მეუფე აშენებს სასტუმროს, მეუფე არაფერს არ აშენებს. ამას აშენებს კერძო ინვესტორი, მაგრამ მიწა არის ეკლესიის კუთვნილი. შესაბამისად, აქ გვაქვს გამოსარკვევი, როგორია ეს პროექტი და დაიცავს თუ არა ეს პროექტი კონსტიტუციურ პრინციპს. კონსტიტუციური პრინციპი არის შემდეგი, რომ არ უნდა დაზიანდეს ერთი სიკეთე, მეორე სიკეთის საზიანოდ. აქ ორი სიკეთეა ერთმანეთთან, რომელიც პაექრობს. ეს არის საკუთრების უფლება და ვერავინ ვერ ეტყვის ეკლესიას, რომ შენს საკუთრებაში საერთოდ არასოდეს არაფერი გააკეთო, ეს არის კონსტიტუციის დარვევა. მეორე არის ის, რომ ძეგლი არავითან შემთხვევაში არ დაზიანდეს და ეს არის უკვე ჩვენი სასიცოცხლო პრიორიტეტი, როგორც კულტურის სამინისტროსი.

პროექტის განხილვა შედგა რამდენჯერმე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. მე პირადად მოვისმინე არაერთი არქიტექტორის, მოწვეული არქიტექტორის მოსაზრება, რომ თუ პროექტი რამდენიმე სახის კორექტირებას განიცდის, ასეთ შემთხვევაში ეს არ იქნება სასტუმრო, რომელიც ძეგლს შეუქმნის პრობლემას. უბრალოდ საჭიროა, რომ ამ ყველაფერმა განიცადოს კორექტირება, თუ ჯერ კიდევ არ არის დაკორექტირებული. ეს კიდევ კარგად უნდა მოვიკითხოთ.

რასაკვირველია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არ დაეთანხმება ისეთ პროექტს, რომელზეც მაგალითად იქნება მოწყობილი სახურავზე აუზი, რომც ჰქონდეს იმ კერძო არქიტექტორს, ვინც არის, ამის სურვილი. თუმცა, აქ შეიძლება იდავონ, იმიტომ რომ ეს უფრო მორალურ თემებზე გადის ვიდრე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემებზე და არ დაეთანხმება ისეთ პროექტს, რომელიც იქნება ალავერდში, ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე საეპისკოპოსო სახლის უმაღლეს კედელზე მაღალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომელსაც ჩვენ მკაცრად დავიცავთ.

დანარჩენი, პროექტზე შეიძლება მსჯელობა და თუ ჩვენი კრიტერიუმები იქნება დაცული, მხოლოდ ამ შემთხვევაში გავცემთ პროექტზე დასტურს. მშენებლობაზე დასტურს ჩვენ არ ვიძლევით, ეს მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

პრემიუმ კლასის სასტუმროს ალავერდის ტაძართან ახლოს, ძეგლის დაცვის არეალში კომპანია „ბადაგონი“ აშენებს. სასტუმროს მშენებლობას საფუძველი 2022 წლის 3 თებერვალს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩაუყარა, რომელიც ამჟამად ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ვიცე-პრემიერია. ღონისძიებას ალავერდში კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ესწრებოდნენ.

ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ სახელმწიფო უწყებებიდან რვა თვის განმავლობაში ვერ მიიღო საჯარო ინფორმაცია ალავერდის ტაძართან ახლოს დაწყებული უკანონო მშენებლობის შესახებ. ამ საკითხზე გამოცემას სასამართლო დავა აქვს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და კულტურის სამინისტროსთან. სასტუმროს შენობის პირველი სართულის ძირითადი ნაწილი ისე აშენდა, რომ სამშენებლო ნებართვა გაცემული არ არის. სასამართლო დავის დაწყების შემდეგ უკანონო მშენებლობა შეჩერებულია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).