მეგი დიასამიძე 2000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სტუდენტს, 23 წლის მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბრალდების მხარე საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა და გირაოს გადასახდელად 20 დღე განუსაზღვრა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

„ეს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და პროკურატურამ პირდაპირი მნიშვნელობით მაკულატურა წარმოადგინა. მოსამართლეს ბრალდების მხარის არცერთი მოსაზრება არ უნდა გაეზიარებინა, თუმცა იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც დღეს პოლიტიკურ საქმეებზეა, ითვლება, რომ პოზიტიური შედეგია გირაო და მეგის გათავისუფლება. ნორმალურ ქვეყანაში ეს გადაწყვეტილება უკანონოდ გამოცხადდებოდა“, – თქვა შოთა თუთბერიძემ, მეგი დიასამიძის ადვოკატმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

პოლიციელებმა მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს, საღამოს დააკავეს, როდესაც ის სამარშრუტო ტაქსით თბილისიდან ბათუმში, სახლში ბრუნდებოდა. შოთა თუთბერძემ დაკავების პროცესს „სპეცოპერაცია“ უწოდა. მისი თქმით, 9 საათის განმავლობაში, მეგი დიასამიძეს ხელები ბორკილებით ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, რაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდება.

საქმე ეხება მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გაკრულ ორ ბანერზე გაკეთებულ წარწერას „რუსული ოცნება“. პროკურატურა აცხადებს, რომ ბანერები დაზიანებულია და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, ზიანმა კი 380 ლარი შეადგინა.

მეგი დიასამიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე, შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 5 წლამდე.

დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, დიასამიძემ თქვა, რომ წარწერა მას არ გაუკეთებია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.